"ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.
არსებობდა ცეცხლის სხვა არეალზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი. სავარაუდოდ, შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.
სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.
მუშაობენ ყველა შესაძლო ხანძრის გამომწვევ სხვა ვერსიაზე.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დანიშნულია ექსპერტიზა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





