Logo

მაია ბითაძე - ვენეციის კომისია, რომლის ვალია სამართლებრივი შეფასებების გაკეთება, გადავიდა პოლიტიკური განცხადებების მომზადებაზე

პოლიტიკა
116
Frontnews image description

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დისკრიმინაცია საერთაშორისო სამართალში ძნელად მოიპოვება, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ "იმედის" ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

"სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვიწევს საერთაშორისო სამართლის მოშველიება და იმის აღნიშვნა, რომ უფრო და უფრო ხშირად გვაქვს საქმე საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობასთან. მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის სახელმწიფოთა თანასწორობა, ვენეციის კომისია, რომლის ვალია სამართლებრივი შეფასებების გაკეთება, გადავიდა პოლიტიკური განცხადებების მომზადებაზე. პრაქტიკულად ჩვენ ეს პირველად არ ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით. თქვენ გახსოვთ როგორი რუდუნებით ვემსახურებოდით ჩვენ ვენეციის კომისიას და საბოლოო ჯამში ჩვენ მათგან ვიღებდით აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამართალთან, დემოკრატიის საფუძვლებთან და თანასწორუფლებიანობასთან.

ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიამ პარადოქსული განცხადება გააკეთა, რომ თურმე FARA-ს მოქმედება აშშ-ში არის ნორმა და საქართველოში არ არის ნორმა. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დისკრიმინაცია საერთაშორისო სამართალში ძნელად მოიპოვება“,- განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, პირადად მისთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის, ძალიან სამწუხაროა, როდესაც საერთაშორისო სამართალს გულმოდგინედ ანგრევენ, ძირს უთხრიან სხვა და სხვა პოლიტიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ კონგლომერატში არიან გაერთიანებულები.

 

Advertisement