მაია ბუწაშვილი - ისეთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, რომ თუნდაც ზედმეტი ხარჯები, ზედმეტი მობილიზება ნამდვილად არ გვაწყენს

ავტორი
Frontnews საქართველო
"კოვიდს" არ ვადარებ, საბედნიეროდ, ბევრად უფრო ძნელად გადამდები დაავადებაა ეს შავი ჭირი, მაგრამ გამოსავალი შეუდარებლად უფრო მძიმეა, ვიდრე "კოვიდის", ამიტომ, ზედმეტი მობილიზება ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაწყენს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან რთულია ამ დაავადების პირველადი ამოცნობა ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მუდმივად მიმდინარეობს მზადყოფნისთვის სწავლებები.
"დადასტურებულად, შეიძლება ითქვას, არაფერი არ არის. ერთადერთი, რაც რეალისტურად ცნობილია არის ის, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი გაურკვეველი პნევმონიით, ამას დადასტურებულად ამბობენ და რომ ამ შემთხვევის გამო, რამდენიმე ასეული ადამიანი იზოლაციაში გადაიყვანეს, როგორც ამ ქალის თანამშრომლები, ისე სხვა კონტაქტები. ეს გარკვეულწილად, დიდი ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ არ არის ჩვეულებრივი პნევმონია და თან დაზუსტებულია, რომ ეს ქალი მუშაობდა შავი ჭირის ლაბორატორიაში, შესაბამისად, არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა ეს და დიდ ყურადღებას საჭიროებს.
რუსეთში პრობლემა ისაა, რომ ნორმალური კომუნიკაცია და ნორმალურად ამბების გაგება შეუძლებელია, ამიტომ, ის კი არ უნდა ვიძახოთ, რომ პანიკის საფუძველი არ არის და ჩვენამდე ვერ მოაღწევს, ეს არავინ არ იცის. რისკი დაბალია, მაგრამ თუნდაც დაბალი რისკი, ისეთი დაავადების დროს, როგორიც შავი ჭირია, ძალიან დიდ სიფრთხილეს და ყურადღებას საჭიროებს.
ძალიან რთულია ამ დაავადების პირველადი ამოცნობა ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მუდმივად მიმდინარეობს მზადყოფნისთვის სწავლებები ეპიდემიოლოგების, ექთნების, პოლიციელების, ჯარის, მესაფლავეებისაც კი. ყველა ცივილური ქვეყანა ცდილობს, მზად იყოს ამისთვის იმიტომ, რომ ძალიან რთულია ხოლმე პირველი შემთხვევების შემდეგ დროული ამოცნობა და ჩარევა. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოსნაირ ქვეყანაში ვიღაცებს რომ დაემართოთ ფილტვების ანთება - პნევმონია, რამდენი ხანი გავა და დავაფიქსირებთ, რასთან გვაქვს საქმე. პრობლემას ეს ქმნის.
ფაქტობრივად, პირველი შემთხვევებიდან დრო არის საათები, რომ ექიმებმა და ეპიდემიოლოგებმა სწორად შეაფასონ, რასთან გვაქვს საქმე და ამოიცნონ, თან ძალიან სწრაფად პროგრესირებს.
ანტიბიოტიკები არსებობს, ეს კარგი და იმედის მომცემია. საკვანძო მომენტი არის ის, რომ ადამიანები იყვნენ მზად, ფხიზლად.
"კოვიდს" არ ვადარებ, საბედნიეროდ, ბევრად უფრო ძნელად გადამდები დაავადებაა, მაგრამ გამოსავალი შეუდარებლად უფრო მძიმეა, ვიდრე "კოვიდის".
აქ ისეთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, რომ თუნდაც ზედმეტი ხარჯები, ზედმეტი მობილიზება ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაწყენს", - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთში შავი ჭირის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, კერძოდ, შავი ჭირის ლაბორატორიაში მომუშავე ახალგაზრდა ქალი გაურკვეველი პნევმონიით გარდაიცვალა.
თაგები:
მაია ბუწაშვილი




