მაია მწარიაშვილი - მთავარი პასუხი მივიღე ექსპერტისგან


ავტორი
Front News საქართველო
მთავარი პასუხი მივიღე ექსპერტისგან - 100%-ით ბატონი დგებუაძე შეიძლება სიმულირებდეს, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდება ეცადა, რომ ტკივილის მიმართულებით კითხვები დაესვა.
"ბრალდება ეცადა, რომ ტკივილის მიმართულებით კითხვები დაესვა, თუმცა მთავარი პასუხი მივიღე ექსპერტისგან - მე მას, პირდაპირ ვკითხე, ბატონი დგებუაძე რომ სიმულირებდეს, როგორც ყურის შემთხვევაში, ისე ლოყის ტკივილის ნაწილში, რა მექანიზმი არსებობს რომ გამოვიცნოთ, ან შეიძლება თუ არა რომ სიმულირებდეს? და მან დამიდასტურა, რომ დიახ, 100%-ით ბატონი დგებუაძე შეიძლება სიმულირებდეს, როგორც ლოყის, ისე ყურის ნაწილში. ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი პასუხი“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მხოლოდ 1 მოწმე გამოიკითხა, დანარჩენი კი პროკურატურამ ჩახსნა.
"პასუხი ადვილია, რატომაც მოხსნა ბრალდებამ ეს მოწმეები - ბრალდება დაიღალა პოლიციელების მეცადინეობით, დაიღალა, რომ ამათი ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს" ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და დაიღალა იმით, რომ ეს მოწმეები სულ არიან ნიღბიანები და დაიღალა ჩვენი კითხვებით, რომ შენ რომ ხარ ამ ნიღბის ქვეშ რით დასტურდება რომ შენ ეს ხარ და არა სხვა", - განაცხადა მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი გამოიკითხა. მისი თქმით, ირაკლი დგებუაძის სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ დაუფიქსირებია. მისი განცხადებით, არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს სიწითლე, მაგრამ "ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი".
“ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო პროცესი 29 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.
თაგები:
მაია მწარიაშვილი