Logo

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს აქვს დიდი უპირატესობები, უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს

პოლიტიკა
147
Frontnews image description

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი.

"ბიძინა ივანიშვილის როლზე აღარ დავიწყებ საუბარს, თუ რა როლი აქვს მას ქართულ პოლიტიკაში და რა როლი აქვს მას პირადად სწორედ იმ პოლიტიკაში, რომელმაც ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა იმ ტურბულენტურ დროს, რა დროშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტ ალიევის შეხვედრა.

ჩვენ შარშან ვიმყოფებოდით არაერთხელ თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში; ასევე, ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, იმისათვის რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან თანამშრომლობას ჰქონდეს ინტენსიური სახე. სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი ჩაერთო ამ ფორმატში და ეს ფორმატი ერთგვარად იქცა ექვს სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმატად. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აზერბაიჯანის სატრანზიტო როლი და ფუნქცია საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა წარმოუდგენელია.

საქართველოს ამ შემთხვევაში არაფერი დაუკარგავს, საქართველოს ფუნქციას და საჭიროებას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. აქედან გამომდინარე, ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და იქ მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული. აქ მხოლოდ და მხოლოდ ევროპა წააგებს.

საქართველოს აქვს დიდი უპირატესობები, უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს. საქართველოს აქვს გასასვლელი ზღვაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლუსია და რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობების გამოყენება ჩვენს მეზობლებთან და მეგობრებთან თანამშრომლობით, კიდევ უფრო უკეთ უნდა მოვახდინოთ. შესაბამისად, რაიმე სახის სპეკულაციები საქართველოს როლთან დაკავშირებით უბრალოდ უვიცობაა, მეტი არაფერი. რუკას ვინც კარგად შეხედავს, ძალიან ცხადად ჩანს რა როლს ასრულებს საქართველო რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები