Logo

მამუკა მამულაშვილი – საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ ფიცომ გადაწყვიტა, მე დამადანაშაულოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში

საზოგადოება
1354
Frontnews image description

საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ ფიცომ გადაწყვიტა, რომ მე დამადანაშაულოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, – ამის შესახებ “ქართული ლეგიონის” მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების სცენარი ФСБ-შია დაწერილი.

“პარადოქსული ფაქტია, რაც ხდება, მაგრამ ფაქტია. რა არის იცით – საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ ფიცომ გადაწყვიტა, რომ მე დამადანაშაულოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. მანამდე ამას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება. სცენარი დაწერილია ФСБ-ს სააგენტოში – რუსული სპეცსამსახურების სააგენტოებში.

რაც შეეხება “ქართულ ლეგიონს”, ბუნებრივია, რომ ადანაშაულებს, რადგან ის არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო და ბუნებრივია, რომ იერიშიც სწორედ ჩვენზე მოიტანეს და მოიტანეს სწორედ იმის შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს დაელაპარაკნენ, იმიტომ რომ სამწუხაროდ, სლოვაკეთიც და საქართველოც იმართება დღეს კრემლიდან”, – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა “მთავარ არხთან”.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინაში მებრძოლ “ქართულ ლეგიონს” სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, სლოვაკეთში საპროტესტო აქციებს “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი აორგანიზებს.

Advertisement