Logo

მამუკა მამულაშვილი - უკრაინას ვერავინ დააძალებს სუვერენიტეტის დათმობაზე ხელის მოწერას

უკრაინაინტერვიუ
568
Frontnews image description

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სადაც დიპლომატიური ძალისხმევა და სამხედრო ოპერაციები ერთმანეთს ენაცვლება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფრონტის ხაზის მონაწილეების შეფასებები. Front News-თან ინტერვიუში, ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ 28-პუნქტიანი "სამშვიდობო გეგმა" არის აბსურდული და მას უკრაინისთვის არანაირი ღირებულება არ ჰქონდა.

მამულაშვილი გამორიცხავს კაპიტულაციაზე ხელის მოწერის შესაძლებლობას და ხაზს უსვამს უკრაინელი ხალხის როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

- მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტრამპის ე.წ. „სამშვიდობო გეგმის“ 28 პუნქტის შესახებ, ასევე ინფორმაცია გავრცელდა დასავლურ მედიაში, რომ უკრაინამ და ევროკავშირმა ის დააკორექტირა და 9 პუნქტი მოაკლო. 19-პუნქტიანი გეგმის შესახებ აშშ-საც ეცნობა და ახლა ჯერი რუსეთზეა - მიიღებს თუ არა ის ამ კორექტირებულ ვერსიას. თქვენი პოზიცია როგორია, არსებობს თუ არა ალბათობა იმის, რომ ამ დღეებში ცეცხლის შეწყვეტა მოხდება?

- ძალიან რთულია წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება. რაც შეეხება 28-პუნქტიან გეგმას, ეს არ ყოფილა ამერიკის, ეს იყო რუსეთის სამშვიდობო გეგმა. უკრაინა ახლა საკმაოდ კარგ თავდაცვით პოზიციაზე იმყოფება. ხოლო რუსეთმა ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიის 1%-ის აღება შეძლო. ამას კი 200 და 300 ათასი ჯარისკაცის სიცოცხლე შესწირა. ეს არის ფაქტი და სტატისტიკა. რაც შეეხება თავად 28-პუნქტიანი გეგმის ირგვლივ მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, უკრაინას არ აქვს უფლება, ქვეყნის სუვერენიტეტის და მთლიანობის დათმობაზე ხელი მოაწეროს. ეს უკრაინის კონსტიტუციაში არ წერია. ამას ვერ გააკეთებს ვერც ზელენსკი და ვერც სხვა პოლიტიკოსი. ეს არის აბსურდული გეგმა და შემოთავაზება, რომელიც, დიდი ალბათობით, ტრამპის მეგობრის უიტკოფის და პუტინის წარმომადგენლების მიერ იყო შემუშავებული. ამას უკრაინისთვის არანაირი ღირებულება არ ჰქონდა და ვერავინ დააძალებს უკრაინას კაპიტულაციაზე ხელის მოწერას.

რაც შეეხება 19-პუნქტიან გეგმას, ეს საჯაროდ არ არის ჯერ ცნობილი. თუკი ამაზე მსჯელობა მიდის, ვფიქრობ, ზელენსკი ამას უკრაინელ ხალხს გააცნობს. მე ამ პუნქტებიდან ვერაფერი ვნახე ისეთი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ არის მოცემული. რუსეთი მხოლოდ დათანხმდება იმას, რაც მის სასარგებლოდ იქნება.

- პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა გააკეთა განცხადება, რომ უკრაინაში ჯერჯერობით სამშვიდობო გეგმაზე საუბარი ნაადრევიაო. ანუ, უკვე ადასტურებენ იმას, რომ 28-პუნქტიანი გეგმის გარდა, რომელიც მათთან შეთანხმებით იყო შედგენილი, სხვა გეგმას არ მიიღებენ? როგორ გაიგეთ პესკოვის ეს განცხადება?

- რადგან ჯერ ამ 19-პუნქტიანი გეგმის შესახებ არ ვიცით ზუსტად არაფერი, მე მიჭირს იმაზე საუბარი, მოაწერს თუ არა მას ხელს ან უკრაინა, ან რუსეთი. დაველოდოთ და ვნახოთ, თავად რა შედის ამ გეგმებში. აქ მნიშვნელოვანია, ვისთვის არის ეს მისაღები. უკრაინელი ხალხია აქ მთავარი და ზელენსკისთვის მისაღებიც რომ იყოს, თუ მას ხალხი არ დათანხმდება, ვერაფერს ხელს ვერ მოაწერს. მთავარი აქ უკრაინელი ხალხის აზრია. ადამიანების, ვინც იბრძვიან და ვისი სისხლის ფასადაც უკრაინის დაცვა ხდება. უკრაინის დამოუკიდებლობა ვის სანაცვლოდაც შენარჩუნდა, იმ ხალხის ხმაა მნიშვნელოვანი.

-  თუკი უკრაინელი ხალხისთვის მიუღებელი იქნება გეგმა, რომელსაც აშშ ზელენსკის შესთავაზებს, არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ ქვეყანაში შიდა დაპირისპირება გადატრიალება დაიწყოს? რა სახის განწყობა შეიძლება მოსახლეობაში მათთვის მიუღებელმა სამშვიდობო გეგმამ გამოიწვიოს? განსაკუთრებით სამხედროებში, რომელთა შემცირებაც ამ 28-პუნქტიან გეგმაშიც იყო მოცემული?

- მე არ მგონია, რომ ზელენსკის რამე აიძულონ და მასზე ამან იმოქმედოს. ის უკვე კარგად გამოცდილი პოლიტიკოსია და ამ პერიოდმა ეს ნამდვილად აჩვენა. ამიტომ, მან იცის, რაზე შეიძლება და რაზე არა ხელის მოწერა. რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას, ეს ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს. მათი სურვილია, უკრაინაში სამოქალაქო ომი დაიწყოს და ეს სცენარი მხოლოდ კრემლისთვის არის სასურველი. არ მგონია, რომ კაპიტულაციაზე ზელენსკის ხელი მოაწერინონ. რა სახის ზეწოლაც არ უნდა იყოს უკრაინის პრეზიდენტზე, დარწმუნებული ვარ, ის ხელს არ მოაწერს.

- ამ 28-პუნქტიან გეგმაში 100 დღეში არჩევნების ჩატარებაზეც იყო საუბარი. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არსებობს მოლაპარაკების პარალელურად ზელენსკის შეცვლის გეგმა? დასავლურ მედიაში ამას ხშირად განიხილავენ ხოლმე.

- არჩევნების ჩატარება, როცა ქვეყანაში ომი მიდის, ვფიქრობ, დაუშვებელია. უკრაინელების დიდი ნაწილი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიდის. ასევე, საზღვარგარეთ გაფანტული ადამიანები, რომლებიც ასევე ვერ შეძლებენ ხმის მიცემას. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სირთულეა ამ მიმართულებით. ამიტომ, თუ მოაბამს უკრაინის ხელისუფლება თავს და ამ რესურსების მობილიზებას შეძლებს, მაშინ კარგი იქნებოდა, რადგან დემოკრატიული პროცესია. ამიტომ, ვნახოთ, ალბათ ყველაფერს დრო აჩვენებს, რა და როგორ იქნება.

- თქვენ ახსენეთ ფრონტის ხაზი და ის, რომ უკრაინა ამ ეტაპზე თავდაცვით პოზიციაში იმყოფება და ოკუპანტების შეჩერებას ახერხებს. თუკი ტრამპი, როგორც ამბობს, უკრაინა ხელს არ მოაწერს სამშვიდობო გეგმას, მაშინ მათ მთელი ძალით ბრძოლას ვუსურვებთო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამერიკა იარაღის მიყიდვაზეც უარს იტყვის და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზეც? მაშინ რა სიტუაციაში აღმოჩნდება ფრონტის ხაზზე უკრაინული ჯარი?

- რა თქმა უნდა, თუკი უკრაინისთვის ამერიკა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე უარს იტყვის, ეს ძალიან ცუდი და საკმაოდ არასასიამოვნო იქნება უკრაინისთვის. რთულ სიტუაციაში ჩააყენებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არის. ევროპას შეუძლია და აქვს ტექნოლოგიები, რომლითაც შეუძლიათ მოაწოდონ იგივე ინფორმაცია, რასაც ამერიკელები აწვდიან. ამას უნდა ევროპის მხრიდან მონდომება და პოლიტიკური ნება.

ეს პრობლემა გადაუჭრელი არ არის. მაგალითისთვის, ავიღოთ ილონ მასკი და მისი განცხადება "სტარლინგის" გათიშვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ლაპარაკი წავიდა "სტარლინგის" გათიშვასთან დაკავშირებით, სამხედროები დავფიქრდით მის ალტერნატივაზე და არსებობს სხვა 9 ევროპული ალტერნატივა, ზუსტად იგივე ფუნქციებით, რაც "სტარლინგს" აქვს. ფაქტია, ამ წლების განმავლობაში დამტკიცდა, რომ რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკება გამორიცხულია. ეს არის უბრალოდ დროის დაკარგვა. რუსეთი წელავს სიტუაციას. თუკი შესთავაზებენ იმ პირობებს, რაც რუსეთისთვის მისაღებია, უკრაინა ვერ დათანხმდება ისეთ პუნქტებს, სადაც რუსების მიერ ჩადენილი დანაშაული იგნორირებული უნდა იყოს.

ის სისასტიკე, რაც მათ უკრაინელი ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგ ჩაიდინეს, ვერავის ეპატიება. ათასობით და ათი ათასობით გაუპატიურების ფაქტები, მკვლელობები, წამება იყო. 16 000-მდე ბავშვია გატაცებული. თქვენ ხვდებით, ეს რა რაოდენობა რას ნიშნავს? ამიტომ, თუკი ევროპას ექნება პოლიტიკური ნება და სურვილი, იარაღითაც კი შეუძლიათ უკრაინის მომარაგება.

- გერმანიის კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ სანამ რუსეთი არ დარწმუნდება, რომ ომს აგებს, მანამდე ის არ დაჯდება რეალურად მოლაპარაკების მაგიდასთან. რა სახის იარაღი სჭირდება ახლა უკრაინას და რა დახმარება იმისთვის, რომ თავდაცვითი პოზიციიდან შეტევაზე გადავიდეს და აქვს თუ არა ევროპას ამის რესურსი?

- შოლცის შეფასება რეალურია და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპას შესწევს იმის უნარი, უკრაინას დაეხმაროს და იარაღით მოამარაგოს. შეუძლიათ ისევ ამერიკისგან იარაღი იყიდონ და ის მიაწოდონ უკრაინას და შეუძლიათ საკუთარი გადასცენ უკრაინას, რომელიც დეოკუპაციის წინაპირობას უზრუნველყოფს. ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელიც შეტევით ოპერაციაში გადასვლის საშუალებას მოგვცემს და არა მხოლოდ თავდაცვაში ყოფნას, როგორც ამას უკვე ბოლო 4 წელზე მეტია, ვაკეთებთ.

ელზა პაპოშვილი

Advertisement