Logo

მამუკა მდინარაძე – ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება

პოლიტიკა
21.02.2023 / 19:22
Frontnews image description

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ამერიკულ ანალოგს “ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს. 

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება“ თანახმა იყო დაეჭირა მხარი “ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომელიც პირველ ვარიანტად განიხილებოდა.

 

“ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩვენი ფრაქციის წევრებთან, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება სწორედ ამის გამო. მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია, რომ სურდათ ამერიკული ვარიანტის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბების და მორიდების გარეშე და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მგონია, რომ მართლაც დააზიანებს ენჯეოსექტორის ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. თუ უნდოდათ მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, მათ ეს გააკეთეს, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი რამხელა ამბავი ატყდა. მგონია, რომ ცოტა ზედმეტია სიბრაზე, თუ ნებისმიერს, ვინც თქვა, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობა, ემოციებით და თქვეს, მოდი, დავაკოპიროთ, პირდაპირ შემოვიტანოთ ეს რეგულაციები, მე ეს მთლად სწორი არ მგონია. ამიტომ, მე წინასწარვე ვაცხადებ, რომ ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა ვერ ექნება ამერიკულ კანონპროექტს, რადგან მართლაც, როგორც რუსულ ვარიანტში, ასევე ამერიკულ ვარიანტში არის მთელი რიგი უმკაცრესი, უხისტესი შეზღუდვები, რაც მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მუშაობდეს და არ იმუშავებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

დიმიტრი ხუნდაძემ დღეს განაცხადა, რომ „ხალხის ძალამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთოს ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგია.

Advertisement