მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა და თან ამ შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა

ავტორი
Front News საქართველო
ნამდვილად არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის როლი. ვფიქრობ, რომ ანგარიშის წარდგენის დროზე დასაჩქარებელი არაფერია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოვისმინოთ. გთავაზობთ, რომ პირველივე სხდომის დღეს მოვისმინოთ ანგარიში, როგორც ეს კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გამართვის თარიღის შესახებ მსჯელობენ.
მისი თქმით, უმჯობესია პრეზიდენტს დეპუტატებმა მორიგ პირველსავე სხდომაზე მოუსმინონ.
“პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პრეზიდენტის მიმართ პატივისცემას თავშივე დავაფიქსირებ. ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც მეთანხმებიან, რომ აქტუალური სხვა საკითხებია. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია. ვფიქრობ, რომ ანგარიშის წარდგენის დროზე დასაჩქარებელი არაფერია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოვისმინოთ. გთავაზობთ, რომ პირველივე სხდომის დღეს მოვისმინოთ ანგარიში, როგორც ეს კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურ მზაობას გამოვთქვამთ დღესვე, რომ იყოს პრეზიდენტის მხრიდან მოწოდება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრის, დღესვე შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე. თუ პრეზიდენტს სურს ქვეყნის მოსახლეობას რაღაც საკითხი გააცნოს, ბუნებრივია, ეს ნებისმიერ სხვა ფორმატში – ბრიფინგისა თუ პრესკონფერენციისას შეუძლია. თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან ურთიერთობაზეა საუბარი, დღესვე შეგვიძლია მივიდეთ, დავსხდეთ, ვისაუბროთ.
პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა და თან ამ შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა. კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობის, ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები. ამ მოცემულობაში ასე ნაჩქარევად, მოუმზადებლად ამ საკითხის გადაწყვეტა და ჩატარება არ მგონია სწორი. წლიური ანგარიში მოვისმინოთ მორიგ პირველივე სხდომაზე და გაცილებით აქტუალურ მიმდინარე საკითხებზე პრეზიდენტთან საუბარი დღესვე შეგვიძლია, არც ამის პრობლემა გვაქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





