Logo

"მარშზე მომხდარი ინციდენტი პირდაპირი თავდასხმაა "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მოძრაობის ერთიანობაზე"

პოლიტიკა
3 საათის წინ / 19:02
Frontnews image description

9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ მარშზე მომხდარი ინციდენტი პირდაპირი თავდასხმაა არა ჩვენს პარტიაზე, ანდაც პირადად მიხეილ სააკაშვილზე, არამედ "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მოძრაობის ერთიანობაზე, რამაც დამატებითი საკვები მისცა რუსი ოლიგარქის პროპაგანდას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია აღნიშნული.

"ევროპა განსხვავებული აზრების ურთიერთპატივისცემაზე დგას. ეს არის ის დასავლური ღირებულება, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი ისწრაფვის.

ისინი, ვინც გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ დავით მანგოშვილს დაესხნენ თავს, საჯაროდ ერთიანობის მომხრეები არიან და თანასწორობისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ მათი ქმედებები ამის საპირისპიროსკენ მიგვითითებენ.

არ შეიძლება თანადგომა, სოლიდარობა, ერთიანობა და თანასწორობა არსებობდეს, იმ სივრცეში, სადაც ერთმანეთის გამოხატვის, პროტესტის თავისუფლებას ვზღუდავთ. არავის აქვს უფლება განსაზღვროს რა ფორმით გამოხატავს მოქალაქე სამართლიან პროტესტს, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ პატიმრობას. ეს ფაქტი აღიარებულია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ.

ანუ, იმ ადამიანებს, რომელთა ქცევაც მნიშვნელოვნად ემთხვევა კომუნისტურ-მარქსისტულ მიდგომას, რომელმაც საქართველო 70-წლიან ტყვეობაში მოაქცია, თურმე აქვთ უფლება საპროტესტო ბანერი წაართვან იმ ადამიანის მხარდამჭერს, რომელმაც პირველად აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა. გუშინ ამ ნაბიჯით ისინი პუტინის, ივანიშვილის, სიმონიანის, ლავროვის თანამოაზრეებად იქცნენ.

ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების დაკვეთა, რაც ერთიანობაზე გადის. ამისთვის, ჩვენი პარტიული ინტერესები არაერთხელ დაგვიყენებია უკან პლანზე, მაგრამ ჩვენს მხარდამჭერებზე თავდასხმა ყველანაირ ზღვარს სცდება. 

“განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ ძალადობა, პუტინისა და საქართველოში მისი მეხუთე კოლონის ხელწერა და მეთოდია, რითაც რეჟიმის მიმართ მიმდინარე მთელი ქართული პატრიოტული საზოგადოების გახლეჩა და დისკრედიტაცია ხდება. ამას მხოლოდ ღიად ან ფარულად ამ რეჟიმის მსახური თუ ჩაიდენს.

ყველას კარგად გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, რეპრესიების საკუთარ თავზე გადატანა 2012 წლის 2 ოქტომბრიდან გვიწევს, ამიტომ ივანიშვილი რეჟიმის მხილებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში 12 წელია, ქართველ ხალხთან ერთად მთავარ როლს ვასრულებთ.

მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა პოლიტიკურ, არასამთავრობო თუ არაფორმალურ საზოგადოებრივ გაერთიანებას, დაგმოს ამგვარი ძალადობა და ყველაფერი ვიღონოთ, რათა მომავალში საერთო სახალხო პროტესტის ფარგლებში, ამგვარ უღირს, (კრიმინალურზე რომ არაფერი ვთქვათ) პროვოკაციულ ქმედებას, ადგილი აღარ ჰქონდეს.

გვახსოვდეს, რომ ყველაზე მთავარი ევროპული ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, რომელთან ბრძოლაში ბოლშევიკური რეჟიმიც კი დაემხო", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement