მელონი - დემონსტრაცია უფლებაა, მაგრამ ჩვენი ქალაქების დარბევა და გადაწვა არა

ავტორი
Frontnews საქართველო
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ეხმაურება და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, მკაფიოდ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე დაგმონ ძალადობრივი ქმედებები.
მელონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ის პატივს სცემს ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც მშვიდობიან დემონსტრაციებში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაციის (CGIL) ორგანიზებულ აქციაში, რომელსაც მემარცხენე პოლიტიკური ძალების ლიდერებიც შეუერთდნენ.
"დიდ პატივს ვცემ ათასობით ადამიანს, რომლებმაც დღეს მშვიდობიანად გამართეს დემონსტრაცია. მიუხედავად იმისა, თუ რა იდეების დასაცავად იმართება აქცია, მოქალაქეთა მონაწილეობა ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის საფუძველია“, - განაცხადა მელონმა.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იტალიის სხვადასხვა ქალაქში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე.
მისი თქმით, მილანში დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინა, რის შედეგადაც პოლიციელები დაშავდნენ, დაფიქსირდა ქონების დაზიანების ფაქტები, ხოლო ძალადობის გამო საპროტესტო მსვლელობა შეწყდა.
მელონის განცხადებით, ტურინში სამართალდამცველებმა დააკავეს პირები, რომლებსაც ქვაფენილის ქვები და შუშის ჩამსხვრევისთვის განკუთვნილი ჩაქუჩები ჰქონდათ, ხოლო ბოლონიაში არეულობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, რკინიგზის სადგურის დროებით დახურვა გახდა საჭირო.
"ესენი არიან ხულიგნები, რომლებიც დემონსტრაციებს ქაოსის დასათესად, უსაფრთხოების დამცველ პირებზე თავდასხმისთვის და მთელი ქალაქების მძევლად აყვანისთვის იყენებენ. დემონსტრაცია უფლებაა. ჩვენი ქალაქების დარბევა და გადაწვა - არა“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
მან ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, ძალადობასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ.
"კიდევ ერთხელ მივმართავ ოპოზიციას: ნუ იქნებით ორაზროვნები ამ საკითხში. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე დაგმეთ ძალადობა და მკაფიოდ მოუწოდეთ ყველას, რომ ნებისმიერი საპროტესტო აქცია მშვიდობიანი იყოს. ასეთი სცენების ფონზე ძალადობის უარყოფა ერთსულოვანი უნდა იყოს. ნებისმიერი თავის არიდება გამართლებად იქცევა. დუმილი მიუღებელია“, - განაცხადა მელონმა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციები რომში, მილანში, ტურინსა და ბოლონიაში გაიმართა. დემონსტრაციების მონაწილეები, მათ შორის სტუდენტები, მთავრობის სოციალურ-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მილანში, ტურინსა და ბოლონიაში აქციების ნაწილი სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თაგები:
ჯორჯა მელონი




