
ავტორი
Front News საქართველო
ღრმა მწუხარებით და გულისტკივილით შევიტყვეთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული უპილოტო საჰაერო თავდასხმის შესახებ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეზე კიევ-პეჩერის ლავრაზე, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის ზენონის წერილშია აღნიშნული, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს უგზავნის.
მეუფის განცხადებით, სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს.
"მის უნეტარესობას ეპიფანეს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს
უნეტარესო, ღრმა მწუხარებით და გულისტკივილით შევიტყვეთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული უპილოტო საჰაერო თავდასხმის შესახებ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეზე კიევ-პეჩერის ლავრაზე.
კიევ-პეჩერის ლავრა მხოლოდ უკრაინელი ერის სულიერი საგანძური არ არის; იგი მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიული მემკვიდრეობის, მონოზვნური ტრადიციისა და ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია.
ამ სიწმინდის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში განსაკუთრებული ტკივილით აღიქმება ყველა იმ ადამიანის მიერ, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესიის სიწმინდეები, ისტორიული მეხსიერება და ის მრავალსაუკუნოვანი სულიერი ღვაწლი, რომელსაც ეს წმინდა სავანე დღემდე ინახავს.
ამ მძიმე ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა, სოლიდარობა და ლოცვითი თანადგომა. ვევედრებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს - წმინდა ორანტას, „კიევის ურღვევ კედელს“,- თავისი საფარველი გადააფაროს განსაცდელში მყოფ უკრაინას, განამტკიცოს მისი მორწმუნე ერი და მალე მოანიჭოს ქვეყანას სამართლიანი და მყარი მშვიდობა.
გვწამს, რომ სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს. რწმენა, იმედი და სიყვარული ყოველთვის აღემატება ძალადობას, ნგრევასა და სიძულვილს.
გისურვებთ უფლის შეწევნას და მფარველობას თქვენ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მთელ უკრაინელ ხალხს.
ღრმა პატივისცემითა და ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით ზენონი, დმანისისა და აგარაკ - ტაშირის მთავარეპისკოპოსი”,- აღნიშნულია წერილში.
15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე კომბინირებული შეტევა განახორციელა. კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის დარტყმის შედეგად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა.
თაგები:
მეუფე ზენონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს