Logo

მიხეილ ყაველაშვილი - აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი

პოლიტიკა
150
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი - აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი

"არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია, ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს ეს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ყაველაშვილის თქმით, 18 წლის წინ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული სამხედროების თავდადება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ღირსეული ნაწილია და მათი მაგალითი დღესაც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების სულისკვეთებას.

"აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ომის მძიმე შედეგების მიუხედავად, დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, ეროვნული ინტერესების დაცვითა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს.

მისივე თქმით, საქართველოს უმთავრეს სახელმწიფოებრივ მიზნად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება, რომლის მიღწევასაც საქართველო მშვიდობიანი გზით, შერიგებით და ნდობის აღდგენით ესწრაფვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები