Logo

მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

პოლიტიკა
287
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში ის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობები საკუთარი რესურსები განავითაროს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ სივრცეში ქვეყნის როლი გააძლიეროს.

"ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და განახლებადი ენერგიების ათვისება თითოეული სახელმწიფოს განვითარების წინაპირობაა. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით და ენერგეტიკული ბაზრის მოწესრიგებით, საქართველომ შექმნა გამჭვირვალე, კონკურენტული და პროგნოზირებადი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ინვესტორთა ნდობას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკული დაკავშირების ახალ შესაძლებლობას შექმნის და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ცენტრის განვითარებას.

ყაველაშვილის თქმით, ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის განვითარებაში.

ფორუმი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე მაღალი რანგის სტუმარს აერთიანებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები