მიხეილ ყაველაშვილმა ენდრიუ პარსონს და ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების შედეგები, პარასპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართული პარალიმპიური მოძრაობის ბოლო წლების პროგრესზე. მისი თქმით, თუ 2012 წლამდე საქართველოში პარალიმპიური სპორტის ორი სახეობა ვითარდებოდა და ქვეყანას მხოლოდ სამი პარასპორტსმენი ჰყავდა, დღეს პარასპორტის 15 სახეობაში 300-ზე მეტი სპორტსმენია ჩართული. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დაფინანსება და პარალიმპიელთა ჯილდოები, სტიპენდიები და პრემიალური ფონდი ოლიმპიელთა სტანდარტს გაუთანაბრდა.
შეხვედრაზე აღინიშნა ქართველი პარასპორტსმენების წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, პარიზში მოპოვებული ცხრა მედალი და საქართველოს პირველი მონაწილეობა 2026 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში.
საუბარი ასევე შეეხო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დიღმის ჭალებში უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის გეგმას.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია.
მისივე განცხადებით, სპორტის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფიზიკური და სოციალური ბარიერების აღმოფხვრა და განათლებაზე, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მიხეილ ყაველაშვილმა ენდრიუ პარსონსა და ილგარ რაჰიმოვს ქართული პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




