Logo

მიხეილ სააკაშვილი – არანაირი რევანში არ იქნება, მაგრამ ივანიშვილი მოიტანს უკან ყველა მოპარულ კაპიკს

პოლიტიკა
06.09.2021 / 19:48
Frontnews image description

ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთიდაიგივე ტრიუკი, თავისი ვითომდა საარჩევნო კამპანიით, მერე გაყალბებებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობების გამოყენებით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნებას აანონსებს

 

“მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გამოაცხადა რომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, ქართველი ხალხი არ გამოსულა ამ ხელშეკრულებიდან და ევროპა არ გამოსულა ამ ხელშეკრულებიდან.  2 ოქტომბერს დიახაც რომ იმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.  და ამგვარად, იმისათვის, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღატაკის, ოჯახების განადგურების შეწყდეს,  თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს თავისთვის გადაწყვეტილება, უნდა წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის ეგრედწოდებული ოცნების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად. 

 

ყველაფერი ნადგურდება საქართველოში – ჩვენი ბავშვების მომავალი,  ამას ჩვენ ვერ შევეგუებით. აუცილებლად ახლა ეს არის ბოლო ზღვარი, ყველა უნდა ჩავერთოთ პროცესში,  ამიტომ ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთიდაიგივე ტრიუკი, თავისი ვითომდა საარჩევნო კამპანიით, მერე გაყალბებებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობების გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, რა თქმა უნდა, იზამს, ოღონდ ამჯერად ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე, ჩვენ არ გვინდა არეულობა, არ გვინდა ძალადობა, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა მომავალი და ჩვენ არ გვინდა ჩვენზე ძალადობდეს ვინმე და ჩვენ არ გვინდა ჩვენ გვანადგურებდეს ვინმე  და ჩვენ ამას წყნარად შევხვდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ გვაქვს ღირსება და სიამაყე და ჩვენ გვინდა ადამიანური ცხოვრება. 

 

მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორც შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით – წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში. თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც არ ცნობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა. დავდივარ ყველგან,  მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან… ეს არის დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველმოკლებული. მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაინთავისუფლებს საკუთარ თავსაც  და გამანთავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში. ამავე დროს მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ არანაირი რევანში არ იქნება, იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ ერთი და იგივე წრეზე ამ რევანშის და უბედურების სიარული. მაგრამ ამის პარალელურად მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი მოიტანს უკან ყველა მოპარულ კაპიკს, ის აუნაზღაურებს თითოეულ ქართველს, იმ ზარალს, რომელიც მიაყენა“, – აცხადებს სააკაშვილი.

Advertisement