Logo

მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით საზოგადოებას ხშირად სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ

პოლიტიკა
187
Frontnews
მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით საზოგადოებას ხშირად სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით საზოგადოებას ხშირად სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, უსამართლო ფასწარმოქმნის შეზღუდვისა და მედიკამენტების გაიაფების მკაფიო ტენდენცია ფიქსირდება.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, რეფერენტული ფასების დანერგვა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რომლის ფარგლებშიც ზღვრული ფასი უკვე 7000 დასახელების მედიკამენტზე რეგულირდება.

„ყველაზე ავტორიტეტულმა მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ დაახლოებით 40 პროცენტით საბაზრო ღირებულება საქართველოში ასეთი ტიპის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე არის შემცირებული. 40 პროცენტით, თითქმის განახევრებას ნიშნავს ეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. ეს პროცესი გრძელდება, იმიტომ, რომ 7000-ის მიღმაც ბუნებრივია ჩვენ ვაგრძელებთ რეფერენტული ფასის მოცვას, რომ ყველა მედიკამენტზე გავრცელდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაზეც, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება.

"არავინ ახსენებს, რომ მაგალითად ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტების პროგრამა აქვს სახელმწიფოს. მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არის პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, მათთვის არის გათვალისწინებული ძირითად, უმნიშვნელოვანეს მედიკამენტზე, რამდენიმე ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტზე აბსოლუტურად უფასო ხელმისაწვდომობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა  ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად შეიძლება ესაჭიროებოდეთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სია პერიოდულად ფართოვდება, ემატება ახალი დაავადებები და იზრდება ბენეფიციართათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები