მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტი "ჯივინოსტატი" მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება

ავტორი
Frontnews საქართველო
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოები და ყველაფერი მზად არის, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია – „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
აქამდე ჩვენ მიერ „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, მათ შორის მშობლების სახელით, კომპანია „იტალფარმაკოს“ მართლაც კარგი თანამშრომლობისთვის. ახლო მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიება გაიმართება მსოფლიო მასშტაბით, რომელიც იშვიათი დაავადებების მედიკამენტებს შეეხება და იქაც აუცილებლად ბევრს ვისაუბრებთ ამ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. ვისაუბრებთ კომპანიაზე, რომელიც სრული პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო თანამშრომლობაში, აკეთებს ყველაფერს, რომ მედიკამენტი მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალური ეფექტით იყოს ხელმისაწვდომი ქართველი პაციენტებისთვის. ამრიგად, მოვუწოდებთ მშობლებს, რომლებსაც ბოლო ხანებში, შეიძლება, არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებებისთვის, რომ მიმართონ სამინისტროს ნომერზე – 15 05 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე საჭიროებისამებრ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




