მოკლული ბავშვები და ათობით დაშავებული ადამიანი - რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგები უკრაინაში

ავტორი
Frontnews საქართველო
29 ოქტომბრის შუადღისას, რუსეთის არმიამ დნიპროს, ჩერნიგოვის, კრემენჩუკის და ზაპოროჟიეს მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმების სერია დაიწყო. თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
ამ დროისთვის დნიპროში 14 დაღუპულის და 14 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, ექვსი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათ სხეულზე ნამსხვრევებით მიყენებული ათობით ჭრილობა აქვთ. ოთხ მათგანს უკვე უტარდება ოპერაცია და მიმდინარეობს კიდევ ორის მდგომარეობის სტაბილიზაცია ოპერაციისთვის.
მძიმედ დაშავებულებს შორის არიან 11 წლის ბიჭი, 40 და 53 წლის მამაკაცები და 26 წლის ქალი.
რუსეთის მორიგ ტერორისტულ აქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს დარტყმა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ აგრესორ ქვეყანაზე სანქციების ზეწოლა არ უნდა შესუსტდეს.
"რამდენი ასეთი ტერორისტული დარტყმა მიაყენა რუსეთმა ჩვენს ხალხს მას შემდეგ, რაც ზოგიერთ რუს ოლიგარქს და ენერგეტიკას სანქციები მოეხსნა, ნაცვლად იმისა, რომ დეესკალაციაზე წასულიყო. სწორედ ამიტომ, უკრაინა ყოველთვის ამბობს, რომ რუსულ ესკალაციაზე ამერიკისა და ევროპის მხრიდან სამართლიანი და გადამჭრელი ქმედებებია საჭირო: სანქციები მოსკოვისა და მისი ომის წინააღმდეგ. ევროკავშირის, ამერიკისა და G7-ის მხრიდან ახალი, უფრო ძლიერი სანქციების დაწესების დრო დადგა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ჩერნიგოვის ცენტრში აფეთქების შედეგად მოკლულია ორი 15 წლამდე გოგონა, დაშავებულია სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დამწვარია ავტომობილები, მაღაზიები, დაზიანებულია ახლოს მდებარე საცხოვრებელი ბინები.
დაშავებულთა შორის 4 ბავშვია - 10 თვის, 10, 16 და 17 წლის.
დღესვე რუსებმა დაარტყეს პოლტავის ოლქის კრემენჩუკის საცხოვრებელ უბანს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაღუპულია.
ზაპოროჟიეს ცენტრში მტრის დრონი სამარშრუტო ტაქსს მოხვდა, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ.





