მოსკოვის ოლქში დრონების თავდასხმის შედეგად Wildberries-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ავტორი
Front News საქართველო
18 აგვისტოს ღამით დრონებმა რუსეთს, კერძოდ, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს, დაარტყეს. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა მოსკოვის ოლქში მდებარე Wildberries-ის საწყობი, სადაც ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაცია მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დაადასტურა.
"დრონი "ატლანტ-პარკის" რაიონში მდებარე Wildberries-ის საწყობს მოხვდა - ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან", - წერს ის.
ასევე, მისი ინფორმაციით, დღეს ღამით და დილით "რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური თავდასხმა მოიგერიეს და 150-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს".
გუბერნატორმა ვორობიოვმა ასევე ჩამოთვალა დრონების თავდასხმის კიდევ რამდენიმე შედეგი, რომელთა შორის არის, მაგალითად, ნამსხვრევების დაცემა სავაჭრო პავილიონზე სავაჭრო ცენტრ "გლობუსის" რაიონში, დაზიანდა სამოქალაქო რეესტრის ოფისები და ავტომობილები.
ამ დრომდე უკრაინამ Wildberry-ის ათი უდიდესი ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა. როგორც ცნობილია, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერაში, რომლის დასუსტებასაც უკრაინა ცდილობს ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად.





