Logo

"მოვუწოდეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, განიხილოს საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა"

პოლიტიკა
228
Frontnews image description

ჩვენ მოვუწოდეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციების განცხადებით, მათ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს.

"ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად მივმართეთ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების და მასების კონტროლის ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. 

ჩვენ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს, რომლის დროსაც, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებელი ან არაიდენტიფიცირებელი ტოქსიკური და ექსპერიმენტული ნაერთები, რამაც დემონსტრანტებში გამოიწვია მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ სწრაფი და დროებითი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები იყო სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც. ეს მიანიშნებს, რომ გამოყენებული ქიმიური საშუალებები ან/და მათი გამოყენების მეთოდები სცდება საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს. 

სუსის ხუთდღიანმა ე.წ. გამოძიებამ და წარმოდგენილმა “დასკვნამ” პასუხების ნაცვლად შეკითხვები და ეჭვები გააჩინა და გაამწვავა, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი. სუსმა დაადასტურა, რომ შსს-ს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს, შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, გამოიყენა თუ არა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება  შსს-მ 6 სხვა შემთხვევაში. გამოძიებამ, ასევე, სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა.

ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. პარალელურად, ჩვენ მივმართეთ გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, უზრუნველყონ საერთაშორისო ზედამხედველობა და ხელი შეუწყონ სიმართლის დადგენას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად.

ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი შესაძლო მძიმე დარღვევების გამოძიება, არამედ მომავალში მძიმე დარღვევების პრევენცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები