"მტკიცება, თითქოს გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდეს, დეზინფორმაციას წარმოადგენს"

ავტორი
Front News საქართველო
მტკიცება, თითქოს გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდეს, მცდარია და დეზინფორმაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩის ოლივიე კურტოს, გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის და გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეტ უორდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ელჩები ხაზს უსვამენ, რომ ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
"ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ქართველებმა საკუთარ თავზე გამოცადეს რუსული აგრესია და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ტკივილი. მტკიცება, თითქოს გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდეს, მცდარია და დეზინფორმაციას წარმოადგენს. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი.
ამ კონტექსტში, ნატოს ფარგლებში ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებაში.
საქართველო მხარს უჭერს უკრაინასა და მის ევროპელ პარტნიორებს სუვერენიტეტის პრინციპების დასაცავად, რუსეთის აგრესიის დაგმობისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობების მხარდაჭერით, ასევე საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებით.
საქართველო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრია, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ზამთარს იარაღად იყენებს და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ახორციელებს, მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინას გადასცეს 1.5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები.
დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში, რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვითა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით. საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების ძალისხმევაში, რომელიც სანქციების გვერდის ავლას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტად დასახვით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებით, საქართველოს შეუძლია გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, ასევე შეამციროს რუსეთის ზეწოლის მიმართ დაუცველობა. რუსეთი არ წარმოადგენს საიმედო ენერგეტიკულ პარტნიორს, ხოლო ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში და ხელს შეუწყობს ევროპის ფართო მიზანს - ენერგეტიკული მდგრადობის განმტკიცებას.
ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ იმ მძიმე ფასს, რომელსაც უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად იხდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, გვესმის, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოება კვლავ საფრთხის წინაშეა იმავე აგრესორის მხრიდან. უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება, ისევე როგორც ევროპაში სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა, ხელს შეუწყობს საქართველოსთვის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში.





