მზია ამაღლობელი - ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო! იდექით ჩვენ გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ თქვენ გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ მინდა გთხოვოთ – მანამ, სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო! იდექით ჩვენ გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილშია აღნიშნული, რომელიც ჰაველის პრემიის დაჯილდოებაზე მისმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა წაიკითხა.
მისი თქმით, საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.
"თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე მიმავალს, იშვიათად მიმაჩნდა რამე შეუძლებელი… თუმცა წარმოუდგენლად ემოციურია და დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩემი სახელი და გვარიც არის „ჰაველის“ ჯილდოს ნომინანტებში.
ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული ვიყავი იმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებით, რომლებიც დევნის მიუხედავად რჩებოდნენ სამშობლოში და აგრძელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ჩემი პატივისცემა ულვი ჰასანლის შეუვალობას.
სოციალურ მედია X-ზე, ჩემს ქავერზე დღემდე უნდა იყოს ფოტო, წარწერით – „იყავი ისეთი მამაცი, როგორიც უკრაინაა“. მაქსიმ ბუტკევიჩს მინდა ვუთხრა, რომ გულწრფელად მჯერა უკრაინის გამარჯვების.
ეს ნომინაცია, აღიარება არ არის მხოლოდ ჩემი. მე მას ვიღებ ჩემი კოლეგების სახელით, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიაში მუშაობენ.
საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.
ჩემს კოლეგებს მტრულ და საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ ყოველდღიურად მუშაობა. მათ დევნიან, აშანტაჟებენ, ავიწროებენ, მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ფიზიკურად უსწორდებიან.
ერთპარტიულმა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაგვიმტკიცა „რუსული კანონები“, რითაც სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალა, ხოლო საგრანტო ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აგენტობას და ღალატს გაუთანაბრა – ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.
დღეს ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. დღეს ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – მსახიობი, პოეტი, მასწავლებელი, კომიკოსი, სტუდენტი, ჟურნალისტი.
თუმცა ქართველები ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
300 დღეზე მეტია ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, რადგან ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გარანტი ევროკავშირია.
ჩვენ თქვენ გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ მინდა გთხოვოთ – მანამ, სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო! იდექით ჩვენ გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ , - აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში.
სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნაზე ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი დაასახელეს. პრემია უკრაინელ ჟურნალისტს მაქსიმ ბუტკევიჩს გადაეცა. მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ფინალისტთა სიაში იყვნენ მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს