ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა

ავტორი
Frontnews საქართველო
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, არ ეთანხმება გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა, პატივს სცემს ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ამიტომ, თანამდებობას ტოვებს.
"ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.
პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას", - წერს ნანა ყეინიშვილი.
პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება 9 ოქტომბერს დაიწყო. იმ დღესვე ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესს ჩამოაშორა.
თაგები:
ნანა ყეინიშვილი




