ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.
"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებს და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „სუბოტექსი“, „კეტამინი“, „კლეფედრონი“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
ნარკოდანაშაული




