Logo

ნიკა ჩიტაძე - აქეთა მხარესაც რომ რაღაცა ჰქონდეს გადამალული თავის დასახსნელად, არაფერია გამორიცხული

ინტერვიუ
131
Frontnews image description

მმართველი გუნდის ელიტაში დაწყებული მასშტაბური საგამოძიებო პროცესები ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს ცვლის. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებამ და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებამ, პარალელურად კი სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის დაკავებამ, არაერთი კითხვა გააჩინა. ექსპერტთა აზრი ორად გაიყო: არის ეს კორუფციის აღმოფხვრის გულწრფელი სურვილი, თუ კლანთაშორისი დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ცენტრის გარშემო? ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე Front News-თან ინტერვიუში არსებულ ვითარებას განიხილავს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ქმედებების მთავარი მოტივი შიდა კლანური გარჩევაა, რომელიც კონკურენტების მოშორებას და ივანიშვილის ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება. ჩიტაძე ეჭვობს, რომ ღარიბაშვილთან ვაჭრობა მიმდინარეობს, რომლის ფასიც სხვა მაღალჩინოსნების დასახელება და შესაძლოა, ლილუაშვილზე გასვლა იყოს.

- ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის 1 მილიონამდე ლარის გირაოს შეფარდება და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება, 30-დღიანი ვადა გირაოს გადასახდელად, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის რამდენიმე წევრის დაკავება, თავად ლილუაშვილის ადგილსამყოფლის უცნობლობა – თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ხელისუფლების მოქმედების მოტივი? კორუფციასთან რეალური ბრძოლა თუ შიდა დაპირისპირება?

- ირაკლი ღარიბაშვილი რომ კორუფციაში იყო ჩართული, ამაზე არაერთი სიუჟეტი გაკეთებულა და რამდენი ხანია, ამაზე საუბარი მიდის. მისი პირველი პრემიერობა სწორედ ამ ამბებს შეეწირა. ის და მისი გარემოცვა დიდ კორუფციაში იყვნენ გახვეულები, რის გამოც მას თანამდებობის დატოვება მოუწია. გვახსოვს ასევე მისი შვილის ამერიკაში სახელმწიფო თვითმფრინავით გადაფრენა და ა.შ. ეს პროცესი ყველასთვის ცნობილი იყო. უბრალოდ, მე ასე მგონია, რომ იგივე კობახიძემ და მისმა გუნდმა იმუშავეს იმაზე, რომ ივანიშვილი დაარწმუნეს, თითქოს ღარიბაშვილი ფულს იპარავდა და ე.წ. ოფშორში (ობშიაკში) ფული არ მიჰქონდა. წარმოიდგინეთ, ის 2012 წლიდან იყო მინისტრი, მერე პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და ისევ პრემიერი. ვხედავთ, რომ ივანიშვილმა ყველაფრის მიუხედავად, ის ისევ უკან დააბრუნა პრემიერად. ამიტომ მე ახლა მგონია, რომ ეს უბრალოდ შიდა კლანური გარჩევაა. კობახიძე ცდილობს ივანიშვილს დაანახოს, რომ ის არის ერთადერთი გაუსვრელი და მართალი ადამიანი. ამიტომ მე უფრო კონკურენტების საბოლოოდ თავიდან მოშორების პროცესს ვადევნებ თვალს. კობახიძე ღარიბაშვილისგან განსხვავებით ასეთ კორუფციულ გარიგებებში არ არის ეჭვმიტანილი. ის უფლებამოსილებას, კი ბატონო, აჭარბებს და მას სხვა დანაშაულებები აქვს.

- რატომ არ მოხდა მისი დაპატიმრება? საკმაოდ მძიმე მუხლია, როგორც იურისტები ამბობენ, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორ გაიგეთ მმართველი გუნდის მოქმედების ლოგიკა?

- მე მგონია, რომ ღარიბაშვილთან ვაჭრობა მიდის. მას ეუბნებიან, რომ აი, შენ არ დაგაპატიმრებთ, თუკი ვიტყვით, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა. სამაგიეროდ, მოსთხოვენ ყველა იმ ადამიანის დასახელებას, რომელიც კორუფციაში იყო ჩართული.

- ფიქრობთ, რომ ამ დღეებში სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება მოხდება? ეს იქნება ღარიბაშვილის თავისუფლების ფასი, რომ დაასახელოს ის პირები, ვინც მასთან ერთად კორუფციაში იყვნენ გარეულები?

- დიახ, გამოძიების განცხადება, რომ ის თანამშრომლობს, ნიშნავს იმას, რომ ღარიბაშვილი მათ სხვებზე გაიყვანს. შეიძლება დააპატიმრონ შემდეგ და ციხეში 3 წლამდე გაუშვან. საბაბი იქნება ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან. თუმცა, სამაგიეროდ, მიიღებენ სხვა ადამიანების სახელსა და გვარებს, რომლებიც ასევე ამ კორუფციულ სქემაში იყვნენ ჩართული. შესაძლოა, ლილუაშვილზე გასვლაც უნდათ და ამიტომაც იჭერენ ასევე მის გარემოცვას. ფაქტია, რომ ღარიბაშვილთან დიდი ვაჭრობა მიდის და მას ციხის სანაცვლოდ აი, ამას მოსთხოვენ. რაც შეეხება ფარცხალაძეს, მე საერთოდ არ ვიცი ამ ადამიანის სახელი საიდან გაჩნდა მათთან ერთად. რა ფორმით და როგორ იყო ის ჩართული, ცოტა ბმაში არ არის.

- როგორ ფიქრობთ, რატომ? ნამდვილად ფარცხალაძის სახელი უფრო, როგორც ოპოზიცია ამტკიცებდა, ბიძინა ივანიშვილთან იყო დაკავშირებული. ოპოზიციას ჰქონდა ასეთი ეჭვი, რომ ივანიშვილმა ის რუსეთში სპეციალურად წარგზავნა, რათა მოსკოვსა და ივანიშვილს შორის შუამავალი ყოფილიყო. ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან ერთად რატომ მოხვდა ამ ადამიანის სახელი?

- ფარცხალაძე, როგორც ჩანს, თავიდან მართლაც ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობდა რუსეთში. სანამ ის ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მანამდე, როგორც ჩანს, მისი საქმიანობა ივანიშვილს აკმაყოფილებდა. ამიტომაც ხელს აფარებდნენ. აქ ჩნდება რამდენიმე ვერსია. პირველი, როდესაც ის დაასანქცირეს და პრობლემები შეექმნა, მგონია, რომ მისგან უკვე სარგებელი ივანიშვილმა ვეღარ დაინახა. მით უმეტეს, შემცვლელი კობახიძის სახით გამოჩნდა. მგონია, რომ კობახიძეს შეუძლია თავადვე, თუნდაც რუსებთან კომუნიკაცია და ამათი თამაშის თამაში. ზუსტად ამას აკეთებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევით. ამიტომაც ივანიშვილისთვის, როგორც ჩანს, ფარცხალაძე უკვე ზედმეტი ტვირთი აღმოჩნდა, ამიტომაც მისი მოცილება გადაწყვიტა. საბჭოთა პერიოდშიც ზუსტად ასე იყო, იცოდნენ, რომ ჩინოვნიკები კორუმპირებულები იყვნენ, მაგრამ სადამდეც სჭირდებოდათ, იყენებდნენ, შემდეგ კი თავიდან იშორებდნენ. ზუსტად იგივე სტილით ბრძოლას ვადევნებთ ახლა თვალს.

- ოპოზიციას ასეთი ვერსიაც აქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილსაც და გრიგოლ ლილუაშვილსაც ხელისუფლების წინააღმდეგ, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, კომპრომატები აქვთ. ამიტომაც ისინი ხელისუფლებასთან ვაჭრობენ და ამიტომაც ვერ აკავებენ. ეს ვერსია რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?

- დიახ, არ არის გამორიცხული, რომ კომპრომატები ჰქონდეთ. გრიგოლ ლილუაშვილზე განსაკუთრებული შეტევა მიიტანეს, რადგან მისი ახლობლები დაიჭირეს. მეორე ვერსიაა, რომ მათ თანხა მოსთხოვეს და არ მიიტანეს, სწორედ ამიტომ ხდება მათი დაშანტაჟება. თუმცა აქეთა მხარესაც რომ რაღაცა ჰქონდეს გადამალული თავის დასახსნელად, არაფერია გამორიცხული. ფაქტია, ახლა ივანიშვილს ფული სჭირდება და მისი ამოღებით არის დაინტერესებული, რადგან მას სანქციების შედეგად ფული დააკლდა. ამიტომაც ეშინია, ახალი სანქციების ამოქმედების შემთხვევაში ფული დასჭირდება.

- ფიქრობთ, რომ ამ ადამიანების სახელის გარშემო შესაძლოა, 4 ოქტომბრის საქმეც გამოჩნდეს? ჩვენ არაერთხელ გვსმენია ხელისუფლების მხრიდანაც და თავად ოპოზიციის ლიდერებისგანაც, რომ ყოფილ მაღალ თანამდებობის პირებთან ჰქონდათ კომუნიკაცია. მინიშნებებიც იყო გრიგოლ ლილუაშვილზე. ელით, რომ მათი სახელები ღალატის კუთხითაც გაიჟღერებს?

- მე მგონი, უფრო ლილუაშვილი შესაძლოა, ყოფილიყო კომუნიკაციაში. ღარიბაშვილი მაინც ნაკლებად წარმომიდგენია. თუმცა ლილუაშვილის შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ის ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა. თუკი მან შეძლო და ოპოზიციის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათ მხარეს იყო, ესეც სწორედ სპეცოპერაციის ნაწილი იყო. ის იყო ფიგურა, რომელიც მიუგზავნეს ოპოზიციას და მან ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავა. მე მაინც ვერ წარმომიდგენია ასევე ის ფაქტიც, რომ როგორ ენდნენ ოპოზიციის ლიდერები ან ადამიანები, ვისთანაც თუნდაც ლილუაშვილი კონტაქტობდა. ალბათ, როცა ადამიანს რაღაც ძალიან გინდა, იმას რეალობად ასაღებ და გჯერა. შესაძლოა, ასეთ სცენართან გვქონდა საქმე და სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ მახეში გაება. სხვა მხრივ, მე ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის არ მჯერა და ვერ დავიჯერებ ამას.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement