
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო განვითარებული სტრუქტურული ცვლილებები, ოპოზიციური ველის გადაჯგუფება, ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენა და ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების მიმართ სამართლებრივი დევნის გააქტიურება — ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური შემოდგომის მთავარ დღის წესრიგს განსაზღვრავს.
Front News-თან ინტერვიუში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ენმ-ის ყრილობაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო სტრატეგიასა და შემოდგომაზე მოსალოდნელ საპროტესტო დინამიკას აფასებს. ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკა, არამედ საზოგადოებისთვის მკაფიო, ალტერნატიული სოციალურ-ეკონომიკური ხედვის შეთავაზება და მმართველი გუნდის საინფორმაციო ნარატივების გაფანტვაა.
- როგორ აფასებთ ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს? პარტიამ დროებითი მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ (ხელმძღვანელად) 2026 წლის 5 აგვისტოს გამართულ ყრილობაზე ირაკლი ფავლენიშვილი აირჩია. ყრილობის ძირითადი გადაწყვეტილებით, შეიქმნა კოლეგიალური მმართველი ორგანო - დროებითი საბჭო, რომელიც 6 თვის განმავლობაში შეასრულებს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის მოვალეობებს.
- ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ახალი სტრუქტურები ყალიბდება. აშკარაა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ჰყავდეს არა ერთი გამოკვეთილი ლიდერი, არამედ რამდენიმე ლიდერი, რომლებიც პარტიის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას გაინაწილებენ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ არ მოხდა ნანუკა ჟორჟოლიანის დანიშვნა თავმჯდომარედ, როგორც ჩანს, პარტიაში შედგა შიდა კომუნიკაცია და რეფორმების ჭრილში ჟორჟოლიანი პარტიაში მთავარი ან ერთ-ერთი შემოქმედი პირი იქნება.
- ჩვენ ვნახეთ ყოფილი თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებები, რომელიც პარტიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა, თუმცა შემდეგ ის ყრილობას მაინც დაესწრო. როგორ ფიქრობთ, რა გახდა მისი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი? ვრცელდებოდა ისეთი ვერსიებიც, რომ შესაძლოა, მას თანამოაზრეებთან ერთად პარტიაც კი დაეტოვებინა.
- თეორიულად ამის ალბათობა არსებობდა, მაგრამ, საერთო ჯამში, მაინც მიმაჩნია, რომ სიტუაცია პარტიის შიგნით გაირკვა და ის პოლიტსაბჭოში საქმიანობას დათანხმდა. არ მომხდარა მისი გადაყენება თანამდებობიდან, მას უბრალოდ 2-წლიანი ვადა ამოეწურა. ამიტომ მგონია, რომ ის პარტიულ მოღვაწეობას გააგრძელებს. ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ფაქტია, რომ ის დაესწრო სხდომას და პოლიტიკურ პარტიას არ გამიჯნვია.
- რა არის ახლა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოქმედების ლოგიკა? ბევრს აქვს მოლოდინი, რომ მან შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოისურვოს და საკუთარი თავი პარტიის თავმჯდომარედაც დაასახელოს. როგორ უყურებთ ამ მოსაზრებას, რამდენად რეალურია, რომ ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა დაუბრუნოს?
- მე არ ველოდები, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ახლა მისი მთავარი ამოცანა მაინც ციხის დატოვება და შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნება წარმოადგენდეს. ჯერჯერობით აქ არ მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ მას მოქალაქეობა აღუდგეს და პარტიის თავმჯდომარე ის იყოს. თუმცა, მომავალში გამორიცხული არაფერია. ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაც ვნახეთ, სადაც მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზეც კი დაასახელოს.
- ოპოზიციის გეგმებს სექტემბრიდან როგორ უყურებთ? არის ვარაუდი, რომ შესაძლოა, სექტემბრიდან აქციებმა უფრო მასობრივი ხასიათი მიიღოს. აქვს ახლა ოპოზიციას იმის რესურსი, რომ ქუჩის აქციებით ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას?
- ალბათ გააქტიურდება პროცესები და ვფიქრობ, აქციებიც იქნება. მგონია, რომ შემოდგომაზე უფრო დიდ საპროტესტო მუხტს უნდა ველოდოთ. "შაბათის მარშები“ აუცილებლად გაგრძელდება და ამ მარშების გარდა, მგონია, რომ ოპოზიციურ ალიანსს საზოგადოებასთან მჭიდრო შეხვედრები ექნება.
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ალიანსი ერთობლივად შეიმუშავებს კონკრეტულ პროგრამას და შესთავაზებს მოსახლეობას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. იქნება მცდელობა, რომ რეგიონებში მოსახლეობის ცნობადობა გაზარდონ იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა და საით მიჰყავს ქვეყანა „ქართული ოცნების“ მმართველობას. აბსოლუტურად მიუღებელია ის, თუ როგორ მართავს „ოცნება“ ქვეყანას, ამიტომ საჭიროა ალტერნატიული გეგმის წარდგენა. ვთქვათ და უცბად „ოცნებამ“ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, ოპოზიცია ამას მზად უნდა შეხვდეს.
დღეს ოპოზიციის სისუსტე არის ის, რომ „ოცნებასთან“ საინფორმაციო ომს აგებს. ვიღაცებს მართლა სჯერათ, რომ დასავლეთი ომში გვითრევდა და აქ მათი აგენტურა მუშაობს. ამ მითის გაფანტვა უნდა მოხდეს. ალტერნატიული აზრი უნდა დაიჯეროს ჩვენმა მოსახლეობამ და ამ მიმართულებით ალიანსმა ბევრი უნდა იმუშაოს. მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ისაუბრონ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდია, ესეც გასაგებია და უნდა ითქვას, მაგრამ მთავარი აქცენტი იმაზე უნდა გააკეთონ, თუ რას სთავაზობენ ხალხს ალტერნატივად.
ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია მხოლოდ დასავლურ და ევროპულ ღირებულებებზე საუბარი, როდესაც მისი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამიტომ, სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით ოპოზიციას ბევრი აქვს სამუშაო.
- ოპოზიციურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ. დაფუძნდა პარტია „ჯერ საქართველო“, რომლის თავმჯდომარეც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანია. როგორ უყურებთ მათ პოლიტიკურ პერსპექტივებს? აქვთ თუ არა მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების რესურსი?
- არ მგონია, ამ ეტაპზე ეს პარტია მესამე პოლიტიკურ ძალად განიხილებოდეს. მე ასეთად უფრო გიორგი გახარიას პარტიას მოვიაზრებ, რადგან ის ახლა პარლამენტშია წარმოდგენილი, საპარლამენტო ოპოზიციაა და ემიჯნება როგორც ხელისუფლებას, ასევე დანარჩენ ოპოზიციას.
რაც შეეხება პარტია „ჯერ საქართველოს“, იქ ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანია. თავად ვიქტორ ყიფიანიც მნიშვნელოვანი ინტელექტუალური თვისებების მატარებელია. თუმცა, ამ ყველაფერს მოსახლეობასთან აქტიური მუშაობა სჭირდება, რაც ისევ და ისევ ალტერნატიულ პროგრამებს უკავშირდება: რას შეცვლის „ჯერ საქართველო“, თუ ის მოვა ხელისუფლებაში და რის გაკეთებას აპირებს?
თუ ამ მიმართულებით იქნება ერთობლივი მუშაობა „ჯერ საქართველოსა“ და „თავისუფალ მოედანს“ შორის, მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მესმის, ვიღაცებს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ დაკავებულები ერთმანეთის კრიტიკით იმაზე, თუ ვინ უფრო „დიდი ოპოზიციონერია“. საჭიროა გაერთიანება. თუ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს, კი ბატონო, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენცია მისაღები იქნება. ხოლო ეს კონკურენცია იმ ინიციატივებისა და კანონპროექტების გარშემო უნდა წარიმართოს, რომლებიც საქართველოს ინტერესებზე იქნება მორგებული.
- საქართველოს ხელისუფლებამ გია ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ასევე, საბოტაჟის მუხლით საქმეები აღძრულია სხვა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგაც. ელით თუ არა, რომ შესაძლოა, პოლიტიკოსების დაკავების ახალი ტალღა ვიხილოთ?
- დიახ, სრულიად შესაძლებელია, „ოცნების“ მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და არ გამოვრიცხავ, რომ ახალი დაკავებებიც ვიხილოთ. გია ბარამიძის წინააღმდეგ მისსავე განცხადებებს იყენებენ. ეს ადამიანი აფხაზეთში იბრძოდა და ტყვეთა გაცვლაში მონაწილეობდა. მაშინ, მაგ ლოგიკით, იმ ადამიანების წინააღმდეგაც უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინც აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და აფხაზებთან თუ ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ალბათ, ეს უფრო არის ქვეყნის ღალატი და არა ბარამიძის განცხადება. ბარამიძე გუდაუთაშიც იყო ჩასული ტყვეთა გასაცვლელად და არ წამოსულა იქიდან, სანამ თანხმობა არ იქნა მიღწეული ტყვეების გათავისუფლებაზე.
ამიტომ, ხელისუფლებას სურს, პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ნებისმიერი საბაბით აღძრას საქმე. „ოცნების“ რეიტინგი ეცემა და ფაქტია, რომ უფრო ნაკლებ ადამიანს სჯერა ნარატივის, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. შესაბამისად, "ოცნება" ცდილობს, ხალხის ამ ფორმით დაშინებითა და პოლიტიკოსების დევნით ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ნიკა ჩიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს