Logo

ნიკა გვარამია - ახალი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანა საბანკო სექტორის დეოლიგარქიზაციაც უნდა იყოს

პოლიტიკა
53
Frontnews
ნიკა გვარამია - ახალი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანა საბანკო სექტორის დეოლიგარქიზაციაც უნდა იყოს

ახალი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანა, სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის კვალდაკვალ საბანკო სექტორის დეოლიგარქიზაციაც უნდა იყოს. ოღონდ, დეოლიგარქიზაცია და არა "გაკულაკება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებების" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

"ბანკებზე მინდა დავწერო. ახლახან გამოქვეყნებული ციფრების მოკლე მიმოხილვით დავიწყებ:

2025-ში ქართულმა ბანკებმა რეკორდული წმინდა მოგება მიიღეს: 3.3 მლრდ ლარი, ROE (კომპანიის ერთგვარი მომგებიანობის კოეფიციენტი) 22% (ევროკავშირის საშუალო 10.7%-ის წინააღმდეგ), საპროცენტო მარჟა კი ევროკავშირის საშუალოზე ოთხჯერ მაღალი! გადახდა გადაცილებული სესხები 2.5%ია, შესაბამისად, რისკი ძალიან დაბალია. და სადაც რისკი ასეთი დაბალია, იქ ამხელა პროცენტი რისკფაქტორით გამართლებული ვერ იქნება. ეს კი ქართული ბანკების პრაქტიკულად ერთადერთი არგუმენტი იყო აქამდე.

საბანკო სექტორი უმნიშვნელოვანესი სექტორია და ნებისმიერი საქმიანობის დროს (განსაკუთრებით, ტელევიზიაში) ამას ანგარიშს ვუწევდი: გადაჭარბებული სიტყვა და ამ სექტორში შეიძლება ისეთი ჩამონგრევის მომსწრენი გავხდეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა მიყვეს და ხუხულასავით ჩამოიშალოს.

მაგრამ ფუნდამენტურად არასწორია, რასაც ახლა ვუყურებთ და დიახ, საბანკო სექტორი საქართველოს სინამდვილეში იქცა მცირე და საშუალო მეწარმეობის მთავარ შემაფერხებელ გარემოებად, შესაბამისად, საზოგადოების და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ შლაგბაუმად.

მე მემარჯვენე ცენტრისტი პოლიტიკოსი ვარ და ჩემს მსოფლმხედველობას წვრილ და საშუალო მეწარმეობაზე ვაფუძნებ. ცხადია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფენამ იცხოვროს კარგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უპირველეს ყოვლისა. ჩემი აზრით, საშუალო და მცირე მეწარმეები არიან საზოგადოების ყველაზე მოქნილი, დინამიური და სწრაფი განვითარებისკენ მიდრეკილნი. წესით, ისინი უნდა იყვნენ ყველაზე დიდი დამსაქმებლები და ასევე, ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორები. ამიტომაც, მათი წარმატება საზოგადოების მოქნილობას, დინამიურ და სწრაფ განვითარებას იწვევს, დასაქმებასა და ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას. ეს კი, თავის მხრივ, ჯაჭვური რეაქციით, შეჭირვებული ფენების განვითარებას, სიღარიბიდან ამოსვლას, სოციალურ კიბეზე აღმასვლას და საშუალო ფენაში გადასვლას. სწორედ ესაა, ჩემი აზრით, ქვეყნისა და საზოგადოების წარმატებული განვითარების ყველაზე ფუნქციური მოდელი. ასევე მსხვილი კორპორაციების (რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებული მოქმედ ხელისუფლებებზე და შესაბამისად, პოლიტიკურად მოწყვლადებიც) გადამწყვეტი ეკონომიკური როლისა და ზედმეტად მაღალი გავლენის გაზავებას და ოლიგარქიული რისკების განეიტრალებას.
საშუალო და წვრილი მეწარმეობა ასევე ყველაზე მტკიცე დამცველია თავისუფლებისა და დემოკრატიის. ყველაზე მწვავედ აპროტესტებს და ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ფენა საზოგადოების სიჯანსაღის მთავარი ბარომეტრიცაა და მთავარი გარანტორიც. თუ ეს ფენა მცირერიცხოვანია, გავლენა და ძალაც ნაკლები აქვს და თავისუფლება და დემოკრატიაც დაუცველია.

წვრილი და საშუალო ბიზნესი ასევე კორუფციასთან ყველაზე შეურიგებელი მებრძოლია. მათთვის ყოველი კაპიკი მათი ოფლითა და სისხლით მოპოვებულია და არ ეთმობათ. მათი ქონება მხოლოდ მათი შრომის შედეგია და არა მტაცებლური პრივატიზაციების ან მთავრობასთან კულუარული გარიგების და არ ეთმობათ.

ამიტომაცაა დიქტატორების ყველაზე დიდი შიში ამ ფენის განვითარება, ამიტომ ავიწროვებენ და ანადგურებენ პირველ რიგში ამ ფენას და ამას ეწირება ქვეყნის დემოკრატიაც, მაგრამ მასთან ერთად კეთილდღეობაც. ზუსტად ეს ხდება საქართველოში. ზუსტად ამას აკეთებს ივანიშვილი. და აკეთებს, მათ შორის, საბანკო სექტორის ხელით. და ზუსტად ამიტომ ვართ ღარიბები (სხვა მიზეზებთან ერთად).

შეუძლებელია, მსგავსი მიმართულება ამ სექტორში ივანიშვილის პირადი დაინტერესების და ჩართულობის გარეშე ისე ფუნქციონირებდეს და იმხელა მოგებას წერდეს ამ ღარიბ ქვეყანაში, როგორსაც გამოქვეყნებული ციფრები გვაჩვენებს. ივანიშვილის საბანკო გავლენის მთავარი ინსტრუმენტი, ცხადია, სექტორის მარეგულირებელია, ანუ ეროვნული ბანკი, რომელიც ივანიშვილის პირადი სამდივნოა და საბანკო რეგულაციებს ოლიგარქის მიხედულებით ჭრის და კერავს.

დღეს საბანკო სექტორი უმძიმესად პოლიტიზებულია და ამას პოლიტიკაში ღია ჩართვით კი არა, ივანიშვილთან ფარული გარიგებით აკეთებს. ეს კი გაცილებით უარესია და შედეგად ქვეყნის ინტერესის მძიმედ დაზიანება მოაქვს (პირველ რიგში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მნიშვნელოვნად შეფერხების გზით), ხოლო, მეორეს მხრივ, ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრებას და მისი დიქტატურის კიდევ უფრო განმტკიცებას იწვევს.
ბანკების პოლიტიზაციაზე ისიც მეტყველებს, რომ ისინი, იგნორირებას უკეთებენ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ტელევიზიებს და პრაქტიკულად არ ათავსებენ იქ რეკლამას. ეს ხდება ბაზრის ობიექტური კანონების საწინააღმდეგოდ და პოლიტიკური სუბიექტივიზმის გამო.

ახალი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანა, სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის კვალდაკვალ საბანკო სექტორის დეოლიგარქიზაციაც უნდა იყოს. ოღონდ, დეოლიგარქიზაცია და არა "გაკულაკება". გაჯანსაღება და საზოგადოების სამსახურში დაბრუნება და არა დარბევა და ქონების ჩამორთმევა. სამართლიანი თამაშის წესებში მოქცევა და არა უსამართლო ანგარიშსწორება. სხვაგვარად ეკონომიკა წინ ვერ წავა. ეს ასე უნდა იყოს და ეს ასეც იქნება", - წერს გვარამია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები