Logo

ნიკა გვარამია - დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, რომელი ბიზნესსუბიექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი

პოლიტიკა
123
ნიკა გვარამია - დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, რომელი ბიზნესსუბიექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი

ცხადი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას მისთვის სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტის მიწოდების გზით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, რომელი ბიზნესსუბიექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი, კონკრეტულად ვინ და როდის, და რა ფორმალური მიზეზით მოაწერა ხელი ამ ღალატს. 

"დღეს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტი, ბენზინი შედის. მისი განმარტებით, საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა არა სახელმწიფოს, არამედ კერძო ბიზნესის ინიციატივით, რაც შესაბამისობაშია ოკუპაციის შესახებ კანონთან.

საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ზოგადად კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უშუალო, არაავტორიზებული გზებით და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კონკრეტული დარღვევებისთვის. თუმცა კანონი ითვალისწინებს გამონაკლისებსაც, როგორც წესი, ჰუმანიტარულ მიზნით და მთავრობის მიერ ავტორიზაციით.

შესაბამისად, საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წინასწარ ნებადართულ ქმედებასთან, რისი საფუძველიც და თანხმობის მიცემის დრო და დასაბუთება საზოგადოებისთვის უცნობია.

იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ რუსული საომარი მანქანა მწვავედ განიცდის საწვავის დეფიციტს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები, რომ ივანიშვილის რეჟიმი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხაზგასმულად და მიზანმიმართულად მიუთითებს რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით, ასევე, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითვლება კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად. ცხადი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით (და საერთოდაც, მათ მიერვე) ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არღვევს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას მისთვის სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტის მიწოდების გზით.

დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, რომელი ბიზნესსუბიექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი. კონკრეტულად ვინ და როდის და რა ფორმალური მიზეზით მოაწერა ხელი ამ ღალატს“, - წერს ნიკა გვარამია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები