ნიკა გვარამია – მენტალური აღდგენის პროცესი საჭიროებს ძალიან კვალიფიკაციურ და დროულ ჩარევას


ავტორი
Front News საქართველო
ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა მენტალური აღდგენის პროცესი საჭიროებს ძალიან კვალიფიკაციურ და დროულ ჩარევას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ასევე წუხს იმ განცხადებებზე, რომ თითქოს მისმა შიმშილობამ ოპოზიციის გეგმები შეცვალა.
“ძალიან დიდი მადლობა კვლავ გადაუხადა სახალხო დამცველსა და მის აპარატს, ასევე კონსილიუმსა და მის წევრებს, მოიკითხა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა და ჩემგან მიიღო ინფორმაცია და ძალიან კმაყოფილია ამით. ითხოვს, ცენტრ “ემპათიას” საექსპერტო საბჭოს შესვლას, გამოჩნდა მისი ნერვული მდგომარეობა, ეს მას ეტყობა მეტყველებაზე, სიარულზეც…
ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა, საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა, ჩემი აზრით.
უკრაინელი ადვოკატის ნათქვამი მოვისმინე, ეს ორი ადამიანიაო, ჩვენ უბრალოდ, ვინც შევდივართ, შევაჩვიეთ ამას თვალი და შეიძლება ჩვენთვის არ ჩანს, ნამდვილად. მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მკურნალობა უტარდება. ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით რთულია და შეიძლება ასე თვალხილულად არ მიმდინარეობდეს და ამას ანალიზებით ვერც გავიგებთ ვერანაირად, საჭიროებს ძალიან კვალიფიკაციურ და დროულ ჩარევას.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, იგი ძალიან წუხს იმაზე, რომ გარკვეულწილად “ქართული ოცნების” ნარატივი იქნა შემოგდებული, რომ თითქოს სააკაშვილის შიმშილობამ აქცენტი გადაიტანა ვადამდელი არჩევნებიდან. პირიქით, მან იშიმშილა იმიტომ, ახლაც არანაკლებ მდგომარეობაშია, აქ სტრესი კიდევ უფრო დიდია, ძალიან ცუდად ძინავს, ნერვიულობს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნებით ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს. იგი ვერ და არ ხედავს თავს მომავალ ხელისუფლებაში, იგი იბრძვის იმიტომ რომ ივანიშვილი აღარ იყოს ამ ხელისუფლების სათავეში. ეს არის მისთვის ფიზიკური გადარჩენა და ქვეყნის გადარჩენა”, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მასთან დაკავშირებით კონკრეტულმა ჯგუფმა იმუშავოს, დანარჩენი ოპოზიცია კი სხვა პოლიტიკური საკითხებით დაკავდეს, რომ არაჯანსაღ სპეკულაციებსაც ბოლო მოეღოს.
გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა გამოქვეყნდება მის ფეისბუქგვერდზე.
