ნიკოლოზ სამხარაძე - ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი რეალური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა

ავტორი
Frontnews საქართველო
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN-თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.
სამხარაძემ ქვეყნებს შორის გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე, სავაჭრო ბრუნვასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წელი გვქონდა. მიმდინარე წლის ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა.ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ამასთან, ჩინეთსა და საქართველოს შორის იმაზე მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ საქართველოს უვიზოდ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს — ჩინეთს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს არა მხოლოდ ხალხთა შორის კონტაქტებს, არამედ ბიზნესკავშირებსაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. წელს, პირველ ცხრა თვეში, ჩვენ უკვე გადავლახეთ 2 მილიარდი დოლარის ზღვარი და ვიმედოვნებთ, წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლართან ახლოს იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის სფეროშიც, რადგან როგორც ჩინეთი, ისე საქართველო, ძალიან არიან დაინტერესებული ე.წ. შუა დერეფნით, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის დღეს ყველაზე მოკლე, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი კავშირი ჩინეთიდან ევროპამდე“, - განაცხადა სამხარაძემ.
მან ასევე, ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად.
"ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული კონფლიქტებისა და ომის გამო, ე.წ. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები დღეს დაკეტილია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გავლით მარშრუტი ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა ჩინეთისა და ევროპის დასაკავშირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, აქ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ვიმედოვნებთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
თუმცა, ამის მიღმაც, მე ვახსენე ხალხთა შორის კონტაქტები და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა განათლების სფეროშიც იზრდება. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტია, ვისაც ჩინური ენის სწავლა სურს, ასევე ბევრი ჩინელი სტუდენტია, ვისაც ქართულის სწავლა უნდა. ასე რომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ საგანმანათლებლო მიმართულებით გაცვლის გააქტიურება. და ბოლოს, კულტურის კუთხით გაცვლა: საქართველოც და ჩინეთიც ძველი ცივილიზაციებიდან წამოსული ერებია. შესაბამისად, კულტურულად და ტრადიციებით ბევრი მსგავსება გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებასთან ერთად, კულტურის მიმართულებით გაცვლაც გააქტიურდება და უფრო დინამიკური გახდება. ორივე ქვეყნის ხალხი ბევრად მეტს შეიტყობს ერთმანეთის კულტურაზე და ბევრ საერთოს იპოვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე




