ნინო ლომჯარია – გაურკვევლობაა, კომუნიკაცია გართულებულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებს და პენიტენციურ უწყებას შორის

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან გართულებულია შესვლა, დაახლოებით 2 საათი დაგვჭირდა იმისათვის, რომ შიგნით მიგვეღწია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული საკითხები, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა წინა ვიზიტის დროს შენიშვნა გასცა, დღეს გამოსწორებულია.
“ძალიან გართულებულია შესვლა, დაახლოებით 2 საათი დაგვჭირდა იმისათვის, რომ შიგნით მიგვეღწია. გაურკვევლობაა, კომუნიკაცია გართულებულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებს და პენიტენციურ უწყებას შორის. ერთმანეთში რეკავენ და არკვევენ რაღაცებს, რამაც დაახლოებით 2 საათი წაიღო.
რაც შეეხება უფლებრივ საკითხებს, გარკვეული საკითხები, რაზეც წინა ვიზიტის დროს შენიშვნა მივეცით, დღეს გამოსწორებულია. მაგალითად, ბადრაგი მის გასინჯვებსა და სამედიცინო შემოწმებას აღარ ესწრება. ამ წუთისთვის პრობლემაა, რომ გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება. ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია, ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს გადავცემთ.
ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია და დღეს მას სუფთა ჰაერის მიღების საშუალება აქვს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მადლიერია, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის.
“მიხეილ სააკაშვილთან ხანმოკლე საუბარი გვქონდა. ძირითადად ის გამოხატავდა მადლიერებას სახალხო დამცველის აპარატის და ამ კონსილიუმის წევრების მიმართ. აღნიშნავდა, რომ საერთაშრისო გამოხმაურება სწორედ ამ კონსილიუმის შედეგებს მოჰყვა. გვქონდა ასევე სხვა საკითხებზე საუბარი, რაზეც მანამდეც ვისაუბრეთ და რაც ალბათ, კონფიდენციულურად უნდა დარჩეს ჩვენს შორის. თუმცა, ეს იყო ზოგადი საუბარი და ის არის ძალიან მადლიერი იმით, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის“, – განაცხადა ლომჯარიამ.





