Logo

ნონა ქურდოვანიძე - საიამ პოლიტიკური პატიმრის მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

პოლიტიკა
167
Frontnews image description

საიამ პოლიტიკური პატიმრის მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა, - ამის შესახებ საიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ეს საქმე შეეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული.

"საიამ პოლიტიკური პატიმრის მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა. ეს საქმე შეეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული უკანონოდ.

სანამ მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის წესით ბრალს წაუყენებდნენ, ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა პოლიციამ და შემდეგ ერთსა და იმავე ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა - ეს ეხებოდა 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ასევე, სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებაზეა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ერთი და იგივე გარემოება და არცერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილიყო ოქმები, მიუხედავად ამისა, როგორც შსს-მ და შემდეგ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მზია ამაღლობელს გამოუტანეს უკანონო გადაწყვეტილებები და ერთ საქმეზე ორი ათასი ლარით, მეორეზე კი - ათასი ლარით დააჯარიმეს. ეს ორივე საქმე და მათ შორის, ადმინისტრაციული წესით დაკავება წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ ამიტომ საიამ საჩივარში მიუთითა, რომ ამ დარღვევებით სახეზეა კონვენციის დარღვევების ისეთი მასშტაბები, რომელიც დაკავშირებულია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და გამოხატვის უფლებებთან.

ჩვენ ვდაობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

Advertisement