ნუგზარ რუხაძე – ადამიანი, რომელიც გზას გვაჩვენებს

ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე

ავტორი
Front News საქართველო
2001 წელი იყო, ახალგაზრდა, ამბიციურმა და მიზნებით სავსე სტუდენტმა პირველად შევაბიჯე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, იმ დროს ჩემსავით ბევრი მიდიოდა ამ გზით. აუდიტორიაში გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით და პროფესიული გამოცდილებით გზამკვლევები ხდებოდნენ ჩვენთვის. ერთ-ერთი მათგანი ჩემთვის იყო ნუგზარ რუხაძე, არა უბრალოდ ლექტორი, არამედ ადამიანი, რომელიც მაშინვე იგრძნობოდა აურით, ხმით, მზერითაც კი.
სწორედ ამიტომ, წლების შემდეგ, როდესაც რუბრიკის "ადამიანები ისტორიით" მომდევნო სტუმარზე ვფიქრობდი, ვუთხარი გუნდს – უნდა იყოს ის, ვინც ჩემთვის არ არის მხოლოდ პედაგოგი, ჟურნალისტი, დიპლომატი, არამედ ცხოვრების მასწავლებელიც – ნუგზარ რუხაძე.
ბავშვობა, სადაც ყველაფერი იწყება
"ყველაფერი ოჯახიდან მოდის" – ასე იწყებს ნუგზარი საუბარს. მისი ბავშვობის წლები საბჭოთა საქართველოს ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ სიყვარულით სავსე ოჯახში გადიოდა. სწორედ იქ ჩამოყალიბდა ის ღირებულებები, რომელიც მთელი ცხოვრების გზაზე გაჰყვა – პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, ზომიერება და სიტყვის ფასი.
"მამაჩემი რკინის კაცი იყო“, – გვიყვება ის ღიმილით - "დედაჩემი – სითბო, სიმშვიდე და სიმდაბლე. მათგან ვისწავლე ადამიანობა“.
გზა, რომელიც შუქს ანთებს
ნუგზარ რუხაძის ბიოგრაფია მართლაც უნიკალურია – დაწყებული საბჭოთა საქართველოდან, გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნებით დამოუკიდებელ საქართველოში. ეს გზა მხოლოდ ფიზიკური გადაადგილება არ ყოფილა. ეს იყო სულიერი განვითარება, აზროვნების გაფართოება და გამოცდილებების დაგროვება, რასაც დღესაც უზიარებს ახალგაზრდებს.
მას არაერთი სტუდენტი ჰყავს აღზრდილი, მათ შორის მეც – როგორც ჟურნალისტი, როგორც პროფესიონალი და რაც მთავარია, როგორც ადამიანი. მის გვერდით გრძნობ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, თუ კი შრომობ და არ გეშინია მარცხის.
ამერიკა - "ის დაბრუნდა"
ამერიკაში გატარებული წლები ნუგზარ რუხაძის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იყო, იქ მან ჩაწერა 300-ზე მეტი სიუჟეტი, ჰქონდა საკუთარი გადაცემა და იყო პირველი ქართველი, ვინც ატლანტის შტატის 11 ALive ტელევიზიაში წარადგენდა საინფორმაციო ბლოკებს. მისმა თავშეკავებულმა, მაგრამ ღრმა ანალიზმა, იქაც მოიპოვა პატივისცემა.
დიპლომატი და პროტოკოლის სამსახურის უფროსი
ნუგზარ რუხაძის პროფესიული გზა მხოლოდ მედიით არ შემოიფარგლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მან წლები გაატარა პროტოკოლის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. აქ დაიწყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი – დიპლომატიური სიზუსტის, საერთაშორისო ეტიკეტის და სახელმწიფოს სახის შექმნისა და წარმოჩენის ეტაპი.
გელა ჩარკვიანთან, ედუარდ შევარდნაძესთან, ჯუმბერ პატიაშვილთან გატარებული წლები მის მეხსიერებაში არა მხოლოდ მოგონებებად დარჩა, არამედ პროფესიული ღირებულებების ნაწილად.
მასწავლებელი, რომელიც დღემდე არ იღლება
დღეს ნუგზარ რუხაძე 83 წლისაა, მაგრამ ის კვლავ სავსეა ენერგიით. მისი აუდიტორია იცვლება თაობებით, მაგრამ ერთი რჩება უცვლელი – მისი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. ის არ ასწავლის მხოლოდ ჟურნალისტიკას ან ინგლისურ ენას, ის ასწავლის ცხოვრებას, ობიექტურობას, სინდისს, და აზრის წონას.
"მხოლოდ განათლება გადაარჩენს ადამიანს, სხვა ყველაფერი დროებითია“, - ამბობს ის.
წიგნები, სიუჟეტები, თარგმანები – მემკვიდრეობა, რომელიც არ ძველდება
ნუგზარ რუხაძის სახელს უკავშირდება არაერთი თარგმანი, სახელმძღვანელოს შექმნა, პროფესიული ლიტერატურის განვითარება. მისი ტექსტები წაკითხვისთანავე გეხება, გაფიქრებს მარტივ ჭეშმარიტებებზე და მიყავხარ მთავართან – სიმართლის წონასთან.
დღევანდელი ჟურნალისტიკა – შეფასება ოსტატისგან
ნუგზარი გულწრფელია: "დღევანდელ ჟურნალისტიკაში ბევრი ზედაპირულობაა“. მაგრამ ამის პარალელურად, მას სჯერა ახალი თაობის, მათგანაც ისეთების, ვინც სწავლის სურვილით მოდის და არა პოპულარობისთვის. რჩევაც ასეთია: "თვითკრიტიკა და მომზადება – აი, ჟურნალისტის ორი ფუძე“.
მეგობარი, რომელსაც ყოველთვის მივაკითხავ
ნუგზარი დღეს ჩემი უფროსი მეგობარია. ის არის ადამიანი, ვისთანაც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ვაზიარებ. ის არ დაემთხვევა შენს მოსაზრებას მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარია – სწორედ ამიტომ ვაფასებ. გულწრფელობა, რაც მას ბავშვობიდან მოჰყვება, რჩება მის მთავარ სახელმძღვანელოდ.
წლების განმავლობაში, ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი იცვლებოდა. ის კი რჩებოდა. რჩებოდა, როგორც ხმა, რომელიც გეუბნება – "იარე წინ, გაუჩერებლად".
დასასრულს – მადლობა
ნუგზარ რუხაძე არის ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის ყველა ის თბილი სიტყვა, რაც კი შეიძლება ადამიანზე ითქვას. ის რჩება ჩვენთვის ოსტატად, მეგობრად, მრჩევლად, ხიდად თაობებს შორის. და სანამ გვყავს ასეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია გზის ჩვენება, არც მომავალი დაგვეკარგება.
Front News საქართველოს დამფუძნებელი


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს