ნუგზარ წიკლაური – საქართველოსთვის მომავლის წართმევა და ევროპული არჩევანის დისკრედიტაციის დაუფარავი მცდელობა – ეს არის „ქართული ოცნების“ რეალური გეგმა

ავტორი
Front News საქართველო
მმართველი გუნდის თავმჯდომარის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მთავარი წინააღმდეგობა დღეს არის ოლიგარქი ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპას ომი უნდა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიგვიღებენ ევროკავშირში – ეს არის რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი კრემლიდან და ამის შესახებ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, როდესაც თქვა, რომ ესაა „ფეესბეს“ პირდაპირი ნარატივი.
“ეს აღარ არის ბიუროკრატიული კინკლაობა, არამედ რუსული დავალებით ევროპული იდეის წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გალაშქრებაა. საქართველოსთვის მომავლის წართმევა და ევროპული არჩევანის დისკრედიტაციის დაუფარავი მცდელობა – ეს არის „ქართული ოცნების“ რეალური გეგმა. არა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, არამედ ამ პროცესის საბოტაჟი და ევროპული გზის ბლოკირება.
შევახსენებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ საქართველოს მოქალაქეების 90% მხარს უჭერს ევროპას, ხოლო მოქალაქეების 70% მიიჩნევს, რომ ივანიშვილთან ერთად ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის არის მიუღწეველი. გაითვალისწინოს ხელისუფლებამ ხალხის აზრი, თუ არ უნდა, მიიღოს მართლაც ყველაზე უფრო მასშტაბური გამოსვლები ანტიეროვნული, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





