
ავტორი
Front News საქართველო
ირანი კასპიის ზღვაში მის გემზე თავდასხმის საპასუხოდ უკრაინის საზღვაო პორტზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავდა, - ამის შესახებ The New York Times წერს.
შაბათს, უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანის კომერციულ სატვირთო გემს დაარტყა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
კიევმა ირანი და რუსეთი ერთმანეთის სამხედრო ოპერაციების ურთიერთმხარდაჭერაში დაადანაშაულა. თავდასხმის შემდეგ, ირანის ოფიციალური პირები პასუხით დაიმუქრნენ.
დაზვერვის მონაცემების მცოდნე წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ირანს შეეძლო უკრაინის მიმართულებით მცირე ზომის ქობინით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტის გაშვება. სამიზნე შეირჩეოდა სიმბოლურად - შედარებით მცირე ზიანის მიყენების მიზნით.
სხვა ოფიციალური პირების თქმით, სამიზნე შესაძლოა, უკრაინის შავი ზღვის ერთ-ერთი პორტი ყოფილიყო. ირანიდან უკრაინაში გაშვებული ნებისმიერი რაკეტა მკვეთრ ესკალაციას გამოიწვევდა. ეს განსაკუთრებით სარისკოა თეირანის რუსეთთან ალიანსისა და ირანსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით.
ირანელი ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ კონფლიქტს საკუთარი საპასუხო დარტყმით დაასრულებდნენ.
ამავდროულად, დასავლელმა დიპლომატებმა გააფრთხილეს, რომ უკრაინის რეაქციის პროგნოზირება რთული იყო.
კვირას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩმა გემზე თავდასხმა გაეროს წესდების დარღვევად შეაფასა. თავდასხმის მიზანი იყო ევროპის ჩართვა ირანის ომში შეერთებული შტატების წინააღმდეგ. "ეს არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს“, - დაწერა მან სოციალურ მედიაში.
სამშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა არაღჩის ესაუბრა. როგორც გამოცემა წერს, საუბრის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინელმა მინისტრმა გემზე თავდასხმას შემთხვევითი უწოდა.
"ირანი ასევე არ ცდილობს ესკალაციას, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებზე ან ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა მიუღებელია. ზარალისთვის კომპენსაცია უნდა იყოს გათვალისწინებული“, - წერს არაღჩი.
იმავე დღეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს კაია კალასს. მხარეებმა რეგიონში დაძაბულობის შემცირების გზები განიხილეს.
ირანის მთავრობასთან დაახლოებულმა ანალიტიკოსმა მეჰდი რაჰმატიმ განაცხადა, რომ ირანელი პოლიტიკოსების ნაწილი უკრაინაზე საპასუხო დარტყმის მიყენების მომხრე იყო, სხვები კი თავშეკავებას ირჩევდნენ.
"უკრაინა არ არის პატარა, უმნიშვნელო ქვეყანა. მას აქვს ომის წარმოების გამოცდილება და ლოგისტიკური მხარდაჭერა ამერიკისა და ევროპისგან. ჩვენ ვერაფერს მოვიგებთ ომში ახალი ფრონტის გახსნით“, - განაცხადა რაჰმატიმ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს