Logo

ონისე ცხადაძე - გრჩებათ ორი ვარიანტი, იმ ორიდან კი ერთადერთი სწორი, მაგრამ არ მგონია ეს მოხდეს

სამართალისაზოგადოება
262
Frontnews image description

ჩემი მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად. ამ ქვეყანაში საზოგადოება იზრდება და მთავრობები ვერ იზრდებიან, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ონისე ცხადაძემ დასკვნით სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურორებს არასდროს უსაუბრიათ ბრალდების მოტივზე.

"ჩემი მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად. ამ ქვეყანაში საზოგადოება იზრდება და მთავრობები ვერ იზრდებიან. შეიცვალა მთავრობა, დაიჭირეს სამი პოლიტიკოსი და თქვენნაირები გარეთ რჩებიან, თქვენნაირები აკეთებენ იმავეს. 

ამ დარბაზში ახლა არის დედაჩემი, დაახლოებით იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მამა დავკარგე და ფეხზე დგას, ამის შემდეგ მე რა წამაქცევს? მე ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ არავისზე ადრე არ მინდა დავტოვო ციხე, მინდა ყველა მალე და ერთად გავიდეთ.  

პროკურორებს არასდროს უსაუბრიათ მოტივზე. ვთქვათ, შევასრულეთ, წარმოიდგინეთ, იუმორისტი, მსახიობი, სტუდენტი, ექიმი და უკრაინელი წავიდნენ სახელმწიფოს გადასატრიალებლად, მერე? რა იყო მოტივაცია, ამაზე ხომ უნდა ვისაუბროთ? რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, არც მაგას ვეთანხმები და ეგ ადვოკატებმა პუნქტებად ჩამოგიყალიბეს, აგიხსნეს, ამიტომ გრჩებათ ორი ვარიანტი. იმ ორიდან კი ერთადერთი სწორი, მაგრამ არ მგონია ეს მოხდეს, არის ის, რომ გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში ჩავარდნილი და გაგვიშვათ აქედან, ანუ გაგვამართლოთ", - განაცხადა ონისე ცხადაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი შესაძლოა, დღესვე გამოაცხადოს.

Advertisement