Logo

მამუკა ხაზარაძე - ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა

პოლიტიკა
193
Frontnews image description

პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, – ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე წერს, ამ დროისთვის საკითხი ამოწურულია.

„ბოლო სამი დღეა, ბიძინა ივანიშვილის მონა თუთიყუშებმა, ე.წ. დეპუტატებმა, ვოლსკიმ, შარმანაშვილმა, შაქარაშვილმა და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს ჩემი ოჯახის მიმართ. სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება, პასუხი გავცე ამ უსინდისო პროპაგანდას. საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით, თუმცა ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა.

აქვე, მინდა, გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში! ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში, ამავდროულად, ჩემიც. ასევე, არ დაგავიწყდეთ, მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახან, იანვარში ივანიშვილმა ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ „ოფშორების“კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ, თუმცა რუსი, კორუმპირებული „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია. ამ და ბევრ სხვა დანაშაულზეც ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გაგცემთ!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.

Advertisement