Logo

პაატა ბურჭულაძე - ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში, ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ

პოლიტიკა
45
Frontnews image description

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ცნობილი ადამიანები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ, უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი მივცეთ ყველას სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის სახელმწიფო მოღალატეების ბრბო, რომელიც დღეს მოაჯდა ხელისუფლებას, მალე გაქრება, როგორც  საშინელი სიზმარი და გამოიდარებს მთელ საქართველოში.

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია რომ სწორ გზაზე ვდგავარ. როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლევ, მე რომ მდომოდა ვერ გავხდებოდი ოცნების პარლამენტის წევრი და ვერ დავიკავებდი დიდ თანამდებობას?! ეს ოცნების წევრები ჩანასახშიც არ იყვნენ, როდესაც ბატონი ივანიშვილი სხვადასხვა ხერხებით მთხოვდა, ცდილობდა, მასთან ერთად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში; მაგრამ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება  საქართველოსთვის არის დამღუპველი და ის, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ.

ამ ორმა დიდმა, „სამართლიანმა“, პროკურორმა ერთი სიტყვაც არ ახსენეს იმის თაობაზე თუ რისთვის შეიკრიბა ხალხი 4 ოქტომბერს; მათ ვერ შეამჩნიეს საქართველოს ეროვნული კრება და მისი დეკლარაცია, რასაც ერთხმად ხმა მისცა ასობით ათასმა ადამიანმა. მაგრამ მათ შეამჩნიეს არავისთვის საჭირო, მორყეული, ღობის დაშლა და შვიდი თვის განმავლობაში ამის დაბრალებაც ვერ შეძლეს მოქალაქეებზე, რადგან ნოდარ მელაძემ და მისმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ეს ამბავიც გაუქარწყლა მათ.

რაც შემეხება მე -  ე.წ. 7-თვიანი გამოძიების შემდეგ:

1) 7 თვეა, ამ ორმა "პატიოსანმა“ პროკურორმა ქნა ის, რომ სრულიად მომწყვიტა ჩემს ოჯახს, ერთხელაც არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან; მეგობრებზე უკვე არაფერს ვამბობ.

2) ამ პერიოდში ჩემი თვალით ვნახე ცრუ მოწმე პოლიციელები, რომელიც წინათ მარტო ტელევიზიით მენახა და დავრწმუნდი მათ საცოდაობაში.

3) გავიცანი და დავმეგობრდი საქართველოს პატრიოტ მოქალაქეებთან, რომლებიც ვერ გატეხა მოღალატე რეჟიმმა.

4) დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პროტესტი არ ჩაქრება; თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოყვარე ქართველი ხალხი არ დანებდება და აუცილებლად გაიმარჯვებს!

5) ჩემდა უნებურად აღმოვაჩინე თუ რა ტიპის პროკურორი იძიებს ჩემს საქმეს და ყველაფერი ნათელი გახდა - აქაც მადლობა ბატონ ნოდარ მელაძეს.

ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი იმას, რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს: სახელოვნებო კარიერას, ქველმოქმედებას, ტაძრის მშენებლობას და პოლიტიკასაც კი. უკვე 2016 წლის არჩევნებზე შევქმენი პარტია და ვეცადე ქართველი ხალხისთვის მემცნო და ამეხსნა თუ რა დიდი საშიშროება მოდიოდა ქართული ოცნების სახით; სამწუხაროდ, ეს ბოლო კარგად ვერ შევძელი. რეზულტატიც სახეზეა თუ რა ტემპით დეგრადირებს ჩვენი ქვეყანა.

რაც შეეხება დღევანდელობას -  ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ცნობილი ადამიანები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი მივცეთ ყველას სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში; ცხადი უნდა გავხადოთ ხალხის სურვილი, ხოლო პოლიტიკოსებმა უნდა აღასრულონ ხალხის ნება.

ბატონო მოსამართლევ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა "დიდად პატივცემულმა" პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით ხელის მოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მე საფრთხე ვარ მათი კარგად აწყობილი ცხოვრებისთვის და იციან, რომ თქვენც ასე ფიქრობთ. იცოდეთ და დაიმახსოვრეთ მე რა მომივა ამას მნიშვნელობა არ აქვს; საქართველო არასდროს არ დანებდება და თქვენ ყველანი აუცილებლად აგებთ პასუხს ხალხის წინაშე. ხალხი ბრძენია და პატრიოტი. ის სახელმწიფო მოღალატეების ბრბო, რომელიც დღეს მოაჯდა ხელისუფლებას, მალე გაქრება, როგორც  საშინელი სიზმარი და გამოიდარებს მთელს საქართველოში!", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები