Logo

პაატა ბურჭულაძე - ის დრო დასრულდა, როცა ათიათასობით მოქალაქე გამოვდიოდით, ვყვიროდით გამოუშვით პოლიტპატიმრები და მერე ვიშლებოდით

პოლიტიკა
212
Frontnews image description

4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირი აღარ იქნება ერთადერთი ლოკაცია, აქციები სხვადასხვა ადგილას გაიმართება, – ამის შესახებ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

"ეს იქნება თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე – 10 და 20 ათასი კაცით. ასევე აქციები ჩატარდება რეგიონებშიც. ზუსტად ჯერ ვერ გეტყვით, როგორ იქნება, თუმცა სამეგრელო და აჭარა უკვე მოიაზრება. ის დრო დასრულდა, როცა ათიათასობით მოქალაქე გამოვდიოდით, ვყვიროდით გამოუშვით პოლიტპატიმრები და მერე ვიშლებოდით. ამას შედეგი არ მოჰყოლია. შიმშილობამაც არაფერი შეცვალა – პირიქით, გვცემეს, დაგვაპატიმრეს, დაგვაზარალეს. ასე გაგრძელება აღარ გამოვა. 4 ოქტომბერს ვიწყებთ და 4 ოქტომბერსვე ვამთავრებთ", – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, მოძრაობა რეგიონებში უკვე ორგანიზებულად მუშაობს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.

"ჩვენ ყველგან გვყავს ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ. უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ 20 ოქტომბრის ევროკავშირის მინისტერიალზე ჩვენმა წარმომადგენელმა მოძრაობის პოზიცია წარადგინოს. საზოგადოებას რაც დავპირდი, უკვე ჩანს – ყველა პროფესიის ადამიანი გაერთიანდა. ჩვენს რიგებში არიან მერაბ სეფაშვილი, თეა დარჩია, მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ეს არის ეროვნული მოძრაობა, ამიტომაც ვატარებთ ეროვნულ კრებას. არცერთ პარტიას ჩვენი აქცია არ ეკუთვნის – ისინი შეიძლება მოვიდნენ, მაგრამ როგორც მოქალაქეები და არა როგორც პარტიული ლიდერები", – განაცხადა ბურჭულაძემ.

Advertisement