პაატა დავითაია – არ ყოფილა შეხება საომარ თემებზე, მე ვერ ვისაუბრებდი გრიფით საიდუმლოზე

ავტორი
Front News საქართველო
ჩემთან დაკავშირებით კითხვები შეეხებოდა იმას, თუ როგორ შედგა დროებითი საპარლამენტო კომისია. არ ყოფილა შეხება საომარ თემებზე. მე ვერ ვისაუბრებდი გრიფით საიდუმლოზე, – ამის შესახებ “ევროპული დემოკრატების” თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აგვისტოს ომზე საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ის ვალდებულია, რომ საზოგადოებას პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.
“მე ვიყავი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არ ეხება მარტო ჩემს ქმედებებს, ეს ეხება კომისიის წევრების ქმედებებს, რომელიც 9 წევრისგან შედგებოდა.
აგვისტოს ომზე საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე, როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ე.წ. გამოძიების, სადაც აღმოჩენილი იყო გარკვეული დანაშაულები, კითხვები არ დარჩეს. საუბარია კონკრეტულ ვალდებულებებზე, რომელიც მე მაქვს აღებული ამ კომისიიდან გამომდინარე. აქ ჩემი მხრიდან სიჩუმე შეიქმნებოდა ისეთ ფორმატად, თითქოსდა, ვიღაცა ხელს აფარებდა რამეს და მე ამას ვერ დავუშვებდი. არცერთი პოლიტიკური დღის წესრიგი არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ეს ეხება გამოძიებას და აგვისტოს ომს.
რაც შეეხება პარლამენტის ლეგიტიმაციას, არის ლეგიტიმაციის ორი მდგენელი – სამართლებრივი და პოლიტიკური. სამწუხაროდ, დღევანდელი პარლამენტის სამართლებრივი მდგენელი არის ლეგიტიმური იმიტომ, რომ ოპოზიცია ოფიციალურად იმყოფება პარლამენტში ისინი, ვინც მანდატები არ დატოვეს.
მე შემოვიფარგლები ჩემთან დაკავშირებული საკითხებით – უნდა ვაღიარო, რომ ამ წლების განმავლობაში, რაც ჩემი კომისიის მიერ მტკიცებულებები შეგროვდა, პირველად მოვისმინე მადლობის სიტყვა ქალბატონი თეასაგან. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით ჰააგის პროკურატურამ გასცა სანქცია, რატომ იცით? აუდიომტკიცებულება მოვიპოვეთ ჩვენ.
ჩემთან დაკავშირებით კითხვები შეეხებოდა იმას, თუ როგორ შედგა დროებითი საპარლამენტო კომისია. არ ყოფილა შეხება საომარ თემებზე. მე ვერ ვისაუბრებდი გრიფით საიდუმლოზე”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
თაგები:
პაატა დავითაია




