პაატა კვიჟინაძე - 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების კი 20 ლარით გაიზრდება

ავტორი
Frontnews საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ და 555 ლარი გახდება, იმავე ასაკობრივი კატეგორიის პირებს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, პენსია 665 ლარი გაუხდებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი, პენსია 20 ლარით მოიმატებს.
„იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. ეს არის წინასწარი“, – აღნიშნა კვიჟინაძემ.
მისივე თქმით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული.
"ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 და მთავრობის ვალი 31,6, რაც სამეზობლოში და ევროპაშიც საუკეთესოა. შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი – მილიარდ 200 მილიონით. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება.
„პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება, დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, ეს ბიუჯეტი არის პირველადი და გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენისას“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
თაგები:
პაატა კვიჟინაძე




