Logo

პაატა მანჯგალაძე - როდესაც სისტემას ტოვებენ ივანიშვილის ყველაზე ერთგული, ინფორმირებული და გავლენიანი ფიგურები, მხოლოდ ორი ახსნა რჩება

პოლიტიკა
430
Frontnews image description

ან ისინი ტოვებენ სისტემას, რომ მომავალში თავიანთი გადარჩენა უზრუნველყონ, გრძნობენ, რომ გემი იძირება, ან თავად რეჟიმი ხვდება, რომ არსებული სტატუს-კვოთი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე წერს.

მისი თქმით, საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის შიშზე აშენებულ ერთი კაცის ავანტიურას, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გამო წირავს ადამიანებს.

"როდესაც სისტემას ტოვებენ ივანიშვილის ყველაზე ერთგული, ინფორმირებული და გავლენიანი ფიგურები, მხოლოდ ორი ახსნა რჩება:

პირველი, ან ისინი ტოვებენ სისტემას, რომ მომავალში თავიანთი გადარჩენა უზრუნველყონ, გრძნობენ, რომ გემი იძირება. ან მეორე, თავად რეჟიმი ხვდება, რომ არსებული სტატუს-კვოთი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას და იწყებს გადაჯგუფებას, დროის მოსაგებად.

ორივე შემთხვევაში ფაქტი ერთია, რეჟიმს უჭირს და იწყებს შიგნიდან ჩამოშლას, კრიზისი რეალურია.

ეს უკვე ნანახი გვაქვს: სერბეთი, 2000 წელი - მილოშევიჩის რეჟიმი დაიშალა მას შემდეგ, რაც ძალოვან სტრუქტურებში შიდა რყევები და გადადგომები დაიწყო. რეჟიმი მალე დაემხო.

საქართველო, 2003 წელი: ვარდების რევოლუციამ იმიტომ იმუშავა, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების ნაწილი მანამდე გადადგა, ახალ დანიშნულების ნაწილმა კი შევარდნაძის მხარდაჭერა შეწყვიტა.

ტუნისი, 2011 წელი - როდესაც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა ბენ ალის რეჟიმის დატოვება დაიწყეს, სულ მალე დიქტატორი გაიქცა და რეჟიმი ჩამოიშალა.

ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა, ეს კრიზისი რეალურ გამარჯვებად უნდა ვაქციოთ.

საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის შიშზე აშენებულ ერთი კაცის ავანტიურას, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გამო წირავს ადამიანებს.

ეს ქვეყანა ეკუთვნის თავისუფლების მოყვარე ხალხს და მათი გამარჯვების რწმენას!“, - წერს პაატა მანჯგალაძე.

ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა. ახალი შს მინისტრი გელა გელაძე იქნება.

Advertisement