Logo

პარლამენტმა სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
228
Frontnews image description

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 77 ხმით ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანას, რომელიც სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ადგილობრივი წარმოების 35 მილიონ კოლოფამდე სიგარეტზე ფიქსირებულად 1.3 ლარი აქციზი და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი წესდება.

ასევე, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება, ხოლო ადვალური განაკვეთი - 30%-დან 20%-მდე მცირდება.

აღნიშნული ცვლილება ასევე ეხება 35 მილიონ კოლოფზე მეტ ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტს.

მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილების მთავარი მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და არსებული გაცხადებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში სიგარეტის იმპორტიორებისთვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის განაკვეთის დადგენა ზრდის მიმართულებით და შედეგობრივად დადებითი ფისკალური ეფექტის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების სახით.

Advertisement