პაველი - ტრამპმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ალიანსის მიმართ ნდობის შესასუსტებლად უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე პუტინმა წლების განმავლობაში

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებმა ნატოს სანდოობა იმაზე მეტად შეარყია, ვიდრე ვლადიმერ პუტინმა წლების განმავლობაში. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპებს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.
როგორც The Guardian წერს, პეტრ პაველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ეფუძნება შეკავების და მზადყოფნის პრინციპს, იმოქმედოს როგორც ერთმა მთლიანობამ. მისივე აზრით, ბლოკის წევრების სოლიდარობის შესახებ ეჭვები ძირს უთხრის მის ძირითად როლს.
"უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ალიანსის მიმართ ნდობის შესასუსტებლად უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ვლადიმერ პუტინმა მრავალი წლის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, კარგი ამბავი არ არის“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პაველმა ტრამპის კრიტიკას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის შესახებ "უსამართლო“ უწოდა.
როგორც მან აღნიშნა, ნატო თავდაცვითი ალიანსია და ავტომატურად არ არის ვალდებული, დაეხმაროს თავისი ტერიტორიის გარეთ მიმდინარე ომებში.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი პარტნიორები თავდაპირველად არ იყვნენ ინფორმირებული ოპერაციების მიზნების შესახებ და როდესაც სიტუაცია მოულოდნელად განვითარდა, ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა ჰორმუზის სრუტეში დახმარების არარსებობის გამო.
ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის ყოფილმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა განაცხადა, რომ ლონდონმა უნდა გადახედოს აშშ-სთან თანამშრომლობისადმი მიდგომას და უარი თქვას ილუზიებზე "განსაკუთრებული პარტნიორობის“ შესახებ, რადგან ირანთან ომმა სერიოზულად შეარყია ქვეყნებს შორის ნდობა.
დონალდ ტრამპმა ევროპელ მოკავშირეებს ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვდა, რომ ირანში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მათ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების სრული პასუხისმგებლობა აეღოთ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპი "აშკარად იმედგაცრუებულია“ ალიანსის უარით ირანის წინააღმდეგ ომში პირდაპირ მონაწილეობაზე, რამაც მისი საჯაროდ აღშფოთება გამოიწვია.
თაგები:
პეტრ პაველი




