ფაშინიანი - საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ, მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ. მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ჩვენი ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, სომხეთსა და საქართველოს შორის ძლიერი ემოციური კავშირიც არსებობს. დღის წესრიგშია ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხი, ამიტომ საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ. მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები.
დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში სომეხი ხალხი გაიმარჯვებს. რაც შეეხება რეგიონზე გავლენას, ვფიქრობ, დემოკრატია ყოველთვის მუშაობს რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ. დემოკრატია რეგიონული მშვიდობის ინსტრუმენტიცაა. ახლა საბედნიეროდ, ჩვენ მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან, ღრმა და ფართო ურთიერთობა საქართველოსთან და ველოდებით თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში თურქეთთან საზღვრები და სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნება. რა თქმა უნდა, „ტრამპის მარშრუტი“, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ეს დიდი პროექტი ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას სარგებელს მოუტანს. შედეგად, ჩვენ აღარ გვექნება მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების სატრანსპორტო დერეფნები. ეს პროექტი ძალიან სასარგებლოა სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და ირანისთვის. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია.
სომხეთის მომავალი სტრატეგია იქნება დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიულობის და კანონის უზენაესობის განმტკიცება. ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიულ რეფორმებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, რადგან როგორც იცით, ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი პარტნიორი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ გზას", - განაცხადა ფაშინიანმა.
თაგები:
ნიკოლ ფაშინიანი




