“ფეხბურთი არის ის რაღაც, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რითაც ვცხოვრობ” - 21 წლის ნიკოლოზ დადიანის ემოციები, მოტივაცია და მიზნები

ავტორი
Front News საქართველო
21 წლის ქართველი ნახევარმცველის ეს წელი დადებითი ემოციებითა და შედეგებით იყო დატვირთული. ნიკოლოზ დადიანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და “იბერია 1999”-ის ფეხბურთელია, რომელმაც თავისი შრომითა და თავდადებით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიჩინა თავი და კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.
ნიკოლოზის სურვილითა და მთელი ოჯახის ჩართულობით, მან ფეხბურთთან ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა 6 წლის იყო. ის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოში" მიიყვანეს (ახლანდელი “იბერია 1999”). 15-16 წლის ასაკში, როცა უკვე თავის მომავალსა და პროფესიაზე უნდა ეფიქრა და არჩევანი გაეკეთებინა, ფეხბურთის სიყვარულმა სხვა ყველა შესაძლო ვარიანტი გადაწონა. ნიკოლოზის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, ფეხბურთი არა მხოლოდ პროფესია, არამედ ყველაფერია მისთვის. “ფეხბურთი არის ის რაღაც, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რითაც ვცხოვრობ” - ამბობს ის.
დღეს ის თავისი პირველი გუნდის კედლებში აგრძელებს საყვარელ საქმიანობაში განვითარებას, რომელთან ერთადაც ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა, რაც მისი აზრით, იმის დამსახურებაა, რომ “იბერია 1999” მთელ ლიგაში ყველაზე შეკრული, ერთიანი, მებრძოლი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია.
ფეხბურთელისთვის ჩემპიონობასთან ერთად მთავარი წარმატება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება იყო, რასაც მთელი კარიერის მანძილზე ელოდა. თავისი ბრძოლისუნარიანობით და შრომით კი, ნაკრებში გამოძახება 14 ოქტომბერს მალტას ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ბრწყინვალე სადებიუტო გოლით დააგვირგვინა. “საოცარი ემოცია იყო, ალბათ, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. გოლი რომ გავიტანე 10-15 წამი ვერ მივხვდი რა ხდებოდა, საოცარი გრძნობა იყო”, - აღნიშნავს სპორტსმენი Front Nnews-თან.
ის აქტიურად აგრძელებს საკუთარ თავზე მუშაობას. გუნდთან ერთად ყოველდღიური ვარჯიშის გარდა კვირაში 3-4- ჯერ ინდივიდუალურადაც ემზადება. ამ დამღლელ გზაზე მთავარი მოტივაცია ოჯახია, “როცა ვიცი რომ ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მე დღეს კარგად ვყოფილიყავი მინდა, რომ ყველაფერი უკან დავუბრუნო”, - აღნიშნავს ნიკოლოზ დადიანი.
ის ბავშვობიდან ემოციურია და თითოეული მოგება თუნდაც ვარჯიშზე ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, წაგებას ვერ ეგუება და დღემდე ასეა. სწორედ ეს თვისება ეხმარება მას შრომისმოყვარეობასა და მებრძოლ ხასიათთან ერთად, რომ ბოლომდე იბრძოლოს მიზნისკენ. მიზანი კი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და ევროპის რომელიმე ძლიერ ლიგაში თამაშია.
საბოლოოდ კი მიიჩნევს, რომ მიზნისკენ სწრაფვაში და კარგ სპორტსმენად ჩამოყალიბებაში შეუპოვრობა, მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა არის მთავარი.
მეგი უბილავა
თაგები:
ნიკოლოზ დადიანი




