Logo

პრეზიდენტი მარგველაშვილი სამოქალაქო კამპანიის "ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილეებს შეხვდა

პოლიტიკა
11
Frontnews image description

პრეზიდენტი მარგველაშვილი სამოქალაქო კამპანიის "ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ" მონაწილეებს შეხვდა და იმ პრობლემების მოგვარების აუცილებლობა აღნიშნა, რომელიც უკონტროლო მოსმენების კუთხით ჯერ კიდევ არსებობს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.

სამოქალაქო ორგანიზაციების ფართო ჯგუფმა კამპანია 6 მარტს დაიწყო იმ მექანიზმების შექმნის მიზნით, რომელიც შეზღუდავს მთავრობის შესაძლებლობებს აწარმოოს „უკონტროლო ფარული მიყურადება“. მიესალმა რა ამგვარ აქტიურობას, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია იმ მონაპოვარის დაცვა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებამ მოიტანა საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენის თვალსაზრისით.

თბილისში პრეზიდენტთან შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, სადაც შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტისაგან მოითხოვდნენ ტოტალური კონტროლის აკრძალვას.

მაია კალანდია (თეატრის დირექტორი - ზუგდიდი)- "ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება და ამით შანტაჟი ეს არის ტერორიზმი და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში".

არჩილ თოდუა (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო) - უნდა ჩატარდეს გამოძიება, უნდა დადგინდეს ამ ფარული კადრების გადამღები და შემკვეთი პირები, უნდა დადგინდეს რა მოცულობის მასალებზეა საუბარი და სად ინახება ეს კადრები, რომელიც პერიოდულად ფარულად ვრცელდება. ამაზე კი უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება".

დავით ბენდელიანი (სამოქალაქო აქტივისტი) - "მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას კრემლის აგენტი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად დაგვინიშნა ქართველ ხალხს პუტინმა. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, რომ გამოდით ქუჩაში, დავდგეთ ერთად და მშვიდობიანად გავაპროტესტოთ ადამიანების შანტაჟი. პრეზიდენტი მარგველაშვილი ვალდებულია, რომ შეისმინოს ხალხის მოთხოვნა. ყველა დამნაშავე და პირველ რიგში რუსი ბიძინა ივანიშვილი უნდა აღმოჩნდეს ციხეში".

თამთა კიღურაძე (სამოქალაქო აქტივისტი) ჩვენ ვაპროტესტებთ ამ სამარცხვინო მოსმენების და ფარული თვალთვალის პრაქტიკას რაც დღეს საქართველოშია და არავის არ აქვს უფლება, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს. ქართველი ახალგაზრდები არ დავუშვებთ, რომ ქართველებს ისევ საბჭოთა მეთოდებით გვაკონტროლებდნენ, გვაშინებდნენ და ასე გვმართავდეს მთავრობა. ივანიშვილი უნდა წავიდეს თავის რუსეთში და იქ იცხოვროს რუსულ კანონებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია".

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ყველა მხარეს მოუწოდა ჩართულობისკენ იმ "ბალანსის“ პოვნის საქმეში, რომელიც უნდა შედგეს ერთის მხრივ, წესრიგის დაცვის შესახებ სახელმწიფოს ვალდებულებას და მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის.

სამოქალაქო კამპანიის წარმომადგენლები მიესალმნენ პრეზიდენტის პოზიციას და იმედი გამოთქვეს, რომ მისი პროცესში ჩართულობა რეფორმის გატარებას ხელს შეუწყობს. თუმცა აქტივისტების ნაწილს არ სჯერა პრეზიდენტის დაპირების, რადგან მას არ აქვს რეალური ძალაუფლება, რადგან ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები