Logo

პროკურორი - რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა

სამართალი
91
Frontnews
პროკურორი - რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან, ვითომდა, არასათანადო ქცევის შესახებ.

"საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ორივე ბრალდებულის მხრიდან. ეს არის, პირველ ყოვლისა, ინფორმაცია, რომელიც სხვა მსჯავრდებულების და ამ ბრალდებულთა მობილური ტელეფონებიდან გამოვითხოვეთ, ეს არის ინფორმაცია შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის სახით და მოწმეთა ჩვენებები.

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან, ვითომდა, არასათანადო ქცევის შესახებ. აღნიშნული არასწორად იქნა აღქმული მის მიერ და შემდგომ ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება ალექსანდრე გაბაშვილის მხრიდან. საზოგადოებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

14 ოქტომბერი არის ის დრო, როდესაც ნია იმნაძე პირველად დაიკითხა გამოძიების მიერ და პირველად დაიბარა საგამოძიებო ორგანომ. ამის შემდეგ, როდესაც ის საგამოძიებო დანაყოფიდან წავიდა, სავარაუდოდ, როგორც ეს ანძების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, იმყოფებოდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობდა გიორგი მალანია. ეს გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით. შეხვედრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე ფაქტობრივად, ერთი დანაშაულის თანამონაწილეებად განიხილებიან ჩვენ მიერ, ამიტომ ესეც იქნებოდა ერთ-ერთი მტკიცებულება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ან ძირითადი მტკიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს ამტკიცებს, ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ეხმარება სხვა მტკიცებულებებს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში”, - განაცხადა ქეთევან სონიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარადგენენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები