პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.
მონაწილეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და კოლეჯებში, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.
"კოლეჯების დირექტორებთან განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომლებიც უკავშირდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას და მათ მზაობას შემდგომი სასწავლო წლის დაწყებისთვის.
დირექტორებს მივაწოდეთ ინფორმაცია პროფესიული განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე - უახლოეს მომავალში ჩვენ მათ წარვუდგენთ ხედვის კონცეფციის პირველად, სამუშაო დოკუმენტს და მოვისმენთ უკუკავშირს კოლეჯების წარმომადგენლებისგან”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სხდომაზე საუბარი შეეხო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის საკითხებს.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.
საბჭოს სხდომას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით რეგულარულად იმართება. საბჭოს ფორმატი პროფესიული განათლების სისტემაში არსებული საკითხების განხილვას და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას ემსახურება.
საბჭოს დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კოლეჯის დამატებითი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. შენობა აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ადგილზე შესაძლებელი იქნება როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ისე მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელება.
თაგები:
გივი მიქანაძე




